ევროპის საბჭოს 2006 წლის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
როგორც "გურია ნიუსს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში განუცხადეს, ისინი დღევანდელ დღეს საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავენ.
"პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს ინსპექტორის აპარატი მასშტაბური საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავს, საქართველოს 5 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორის იუსტიციის სახლებში მოქალაქეებისთვის დარიგდება საინფორმაციო ფლაერები და გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები.
სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განვითარების ცენტრებში: სართიჭალაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), ყვარელწყალში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მანგლისში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევსა (გორის მუნიციპალიტეტი) და გომში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) მოხდება საინფორმაციო ფლაერების გავრცელება.
ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებისაჯარო ბიბლიოთეკის აუდიტორიაში 13:00 საათზე (საჯარო ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი) მონაცემების დაცვის შესახებ საჯარო ლექციას გამართავენ და განმარტავენ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითეულმა მოქალაქემ იცოდეს სად, რატომ და რა მიზნით ხდება მისი მონაცემების დამუშავება და დაიცვას მისი უფლებები", _ აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2013 წლის მეორე ნახევარში შეიქმნა, 2014 წელ კი პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ძირეული რეფორმები გატარდა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების სახით. ინსპექტორის აპარატის მიზანია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებმა დააჩქარა და გაამარტივა პერსონალურიმონაცემების შეგროვება, განუსაზღვრელი ვადით და მოცულობით შენახვა და სხვადასხვა მიზნით გამოყენება, რის გამოც, იზრდება მონაცემთა უკანონოდ გამოყენების საფრთხეები.