ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქრების ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა, – ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველად შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, 2014 წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე დაიწყო ნავთობზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცია, და დღეის მდგომარეობით სახეზეა დაახლოებით 60% -მდე კლება.
კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე მაქსიმუმ ერთ თვეში.
„სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და გააჩინა კითხვები.ჩვენი აზრით, თავისუფალ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ ადექვატური საფასო პოლიტიკის განხორციელება. თუმცა, ამის საპირისპიროდ, სახეზეა კომპანიების მიერ ფასების უმნიშვნელო შემცირება.გარდა ამისა, არაერთგზის დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთიდაიმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა.
ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა/კერძოდ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის„დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანსაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტო საკითხის სიღრმისეულ კვლევას განაგრძობს, ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონიძიებებს და კანონის ფარგლებში დაიცავს მომხმარებლის ინტერესებს.