საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოქმედი შუამავალი კომპანიები "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი შემცირება დაიწყო და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 60%-იანი კლებაა დაფიქსირებული.
"ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე, მაქსიმალურად 1-2 თვეში. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობის ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა",- განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმითვე, ყველაფერთად ერთად არაერთხელ დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონკურენციის კანონის დარღვევაა.
"მეც მაინტერესებს, ვინ არის ეს შუამავალი კომპანია, ჩვენს ახლომახლო ვერ მოვიძიეთ. „ლუკოილ ჯორჯია“ ვერ მიიღებს შუამავალ კომპანიების მიმართ პრემიერის მიერ გამოთქმულ შენივნას, ეს ჩვენ არ გვეხება",- აცხადებს "ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე "კომერსანტთან“.
რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის X%-ით გაიაფება არ ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზეც საწვავი ამავე პროცენტით შემცირდება.
"ფასები "ლუკოილ ჯორჯიას“ ქსელში მცირდება. დღეს დადგენილი ღირებულება არის ფასი იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არის შემქნილი უაღრესად კონკურენტულ ნავთობპროდუქტების ბაზარზე, რაც არის დაკავშირებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებთან და ლარის გაცვლით კურსთან დოლართან მიმართებით“, _ აცხადებს მიშველაძე და აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მათს ქსელში საწვავი 48-დან 52-თეთრამდე გაიაფდა.
კომპანია "გალფშიც" აცხადებენ, რომ აგვისტოდან მოყოლებული ფასები საწვავზე 11-ჯერ გააიაფეს. მთლიანობაში კი ფასდაკლებამ 50 თეთრი შეადგინა.
კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე აცხადებს, რომ ყველაფერთან ერთად „გალფს“ აქვს თავისი ლოიალობის სიტემა და მუდმივ მომხმარებლებს დამატებით 6-8-10 თეთრით უკლებენ საწვავის ფასს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ ნავთობზე ფასის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა, "გალფის" საწვავიც გაიაფდება.
კითხვაზე რამდენად ადეკვატურია ქართულ ბაზარზე ფასების შემცირება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილებასთან მიმართებით, "გალფში“ აცხადებენ, რომ კლების ადეკვატურობა მომხმარებელმა უნდა შეაფასოს.
შუამავალი კომპანიების შესახებ ინფორმაცია არც ამ კომპანიაში აქვთ.
"კომერსანტი" ამ საკითხთან დაკავშირებით კომანია "რომპეტროლსაც" დაუკავშრდა, თუმცა, მათ კომენტარი არ გააკეთეს. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ კომენტარს სათავო ოფისთან შეთანხმების გარეშე არ აკეთებენ.