ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით საუბრისას, იმ უარყოფით გვერდით მოვლენებზე აქცენტირებს, რაც ბავშვის ადრეულ ასაკში სასწავლო საგნებით დატვირთვას მომავალში შეიძლება მოჰყვეს.
"ბავშვმა გენიალური თვისებები რომც გამოავლინოს, მან მაინც უნდა გაიაროს გარკვეული ასაკობრივი ეტაპები და იმ რეჟიმში, რაც მისთვის უფრო ბუნებრივია. ანუ ბავშვობაში უნდა ითამაშოს, მოწაფეობაში – ისწავლოს და შემდეგ იმუშაოს. ამდენად, თამაშს რომ მოაკლებ ბავშვობაში, შემდეგ ეს გვიან ასაკში ნევროზის სახით ვლინდება," _ ამბობს საყვარელიძე.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი თინათინ მეზვრიშვილის თქმით, როცა ბავშვის სკოლაში შეყვანაზე ვსაუბრობთ, ყველასათვის გასაგებია, რომ იგი ერთი სოცილაური გარემოდან მეორეში ხვდება.
"მეორე სოციალური გარემო მისგან ძალიან ბევრ უნარ-ჩვევას მოითხოვს. ის როგორც ფსიქო-ემოციურად, ასევე სოცილაურად მზად უნდა იყოს. 6 წლის ბავშვი ამისათვის მეტადაა მზად, ვიდრე 5-ის. თავისთავად დგება კითხვა, რატომ უნდა ჩავაყენოთ ბავშვი კრიზისულ სიტუაციაში, როცა მისი უნარები არცთუ ისე განვითარებულია," _ აღნიშნა მეზვრიშვილმა.
დღეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და ყველა დაინტერესებული პირი.
შეხვედრის მიზანი იყო ყველა მხარეს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიეღოთ.