კარგ მეურნეს კარგი სამუშაო ინვენტარი სჭირდება. ჩვენში ჯერ ნაკლებად ხელმისაწვდომია კლასიკური სამეურნეო იარაღები, რომლებიც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ავტომატიკის კანონებს ეყრდნობა. ამიტომ სასწრაფოდ მოაგროვეთ მამაპაპური თოხი, ბარი, ფოცხი, ცელი, ნამგალი, დიდი თუ პატარა სასხლავი, ხერხი, ურიკები და ასე შემდეგ. გალესეთ, გაუმაგრეთ ტარი თუ სახელურები.
ხშირად ხდება ისე, რომ არა ერთი შრომისმოყვარე ადამიანი უდიერად ეპყრობა სამუშაო იარაღებს, მიაქვს ამოჩემებულ მეზობელთან ან მეგობართან, ვინც კარგად ლესავს ან შეუძლია ტარების გამოთლა. ყველამ მოიმარჯვეთ სხვადასხვა ზომის ქლიბი, სალესი ქვა. ვისაც სამუშაო ჩარხი აქვს, ეს ყველაფერი მაინც სჭირდება.
გირჩევთ, ასევე ხემცენარეების (მუხა, წაბლი, ნიგოზი, აკაცია) ნარჩენებისგან, რაზეც სოფელში ყველას მიუწვდება ხელი, გამოთალოთ სხვადასხვა ზომის პატარა ნიჩბები, ფართო პირითა და წვრილი სახელურით. ჩითილების დარგვის დროს მაშველის ფუნქციას შეასრულებს ზომიერი, 20-25 სმ სიგრძის, ხის მსხვილი ჩხირები, რომ თითით არ მოგვიხდეს მიწის ჩაღრმავება, რაც არა ერთხელ ხდება.
თოხს და ბარს ლესავენ უხეში, ბრტყელი ქლიბით, ცელს და ნამგალს კი შესაბამისი სპეციფიკური სალესი სჭირდება.
სამეურნეო მუშაობაში ასევე გამუდმებით გვჭირდება ხელთათმანები, რაც იაფი სულაც არ ღირს და არც ისე გამძლეა. ამიტომ ოჯახში უნდა მოვიძიოთ ჯინსის, ბრეზენტის თუ უხეში ტილოს ნაჭრები, რომლისგანაც მრავალი ხელთათმნის შეკერვა ადვილი შესაძლებელია, თუ დიასახლისს ოდნავ მაინც ხელეწიფება ხელსაქმე. ნუ გაგეღიმებათ, ასე მომზადებული სამუშაო ხელსაწყოები დროსაც დაგვაზოგვინებს და ჩვენი ეკონომიკური ჯიბეც ნაკლებად დაზარალდება.