იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისიდან, თუ კარგი ამინდებია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში სავსებით დასაშვებია ერთი უპირველესი აგროტექნიკური ღონისძიების _ გასხვლის დაწყება. რა თქმა უნდა, თუ ყინვები არ არის მოსალოდნელი და ამასთანავე, სინოპტიკოსთა რჩევის კვალდაკვალ, მთვარის კალენდარსაც მივაქცევთ ყურადღებას.
გასხვლა მცენარის ფორმირებისა და სეზონზე უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობაა. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ახალგადარგული და მრავალწლიანი მცენარის გასხვლის პრინციპი.
4-5 წლის ასაკის ზემოთ ხე უკვე ფორმირებულია და ძირითადად მას სჭირდება ვარჯის გამოჭრა, გამოხშირვა. ასევე, მცენარეს უნდა წავაჭრათ ცენტრალური ღეროს ზედა ნაწილი, რომ ძალიან მაღალი არ გაიზარდოს. განსაკუთრებით, ეს მოსალოდნელია გურიაში, სადაც ნოტიო ჰავაა და ხე ვერტიკალურად სწრაფად იზრდება, რასაც ხმარდება მთელი ენერგია და ხეხილოვანი მცენარე მერე ნაკლებად მსხმოიარე ხდება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, მცენარეს ჰორიზონტალური განტოტვის საშუალება მივცეთ.
რაც შეეხება ახალდარგულ თუ ერთწლიან ან ორწლიან მცენარეს, მას აუცილებლად უნდა წავაჭრათ როგორც წვეროს, ისე გვერდითი ტოტების ნაწილი.
ტოტების ნაწილის წაჭრისას უნდა დავაკვირდეთ, რომ კვირტი გარეთა მხარეს დარჩეს. შემდეგ ნაზარდი ცენტრისკენ კი არ წაიზრდება, განზე წავა და მცენარე უფრო დაიბუჩქება.
განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება ატმის ხის გასხვლას. ცნობილია, რომ ატმის ხე მხოლოდ 7-8 წელს ცოცხლობს. ამიტომ ის მოკლედ უნდა გავსხლათ, ისე, რომ შტამბი ერთ მეტრამდე დარჩეს, ასევე, მოკლედ უნდა გავსხლათ გვერდითი ტოტები. ასე უფრო გახანგრძლივდება ატმის ასაკი.