2014 წელს დამტკიცებულ ოზურგეთის გერბზე და დროშაზე მუშაობა თავიდან დაიწყება. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის დროს განაცხადა.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მოხდება ახალი კომისიის შექმნა და კონკურსის გამოცხადება. ეს გერბი, რომელიც 2014 წელს მიიღეს, როგორც ითქვა ჰერალდიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სავარაუდოდ, მე ვიქნები ამ კომისიის თავმჯდომარე და გპირდებით, რომ ყველაფერი ობიექტურად ჩატარდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს." _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, 2014 წლის 4-6 დეკემბერს ყვარელში გაიმართა სემინარი, სადაც განხილული იყო თითოეული ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის დროშის და გერბის შექმნისა და დამტკიცების საკითხები. სემინარზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტები დაიწყებენ მუშაობას გერბის და დროში შექმნაზე.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის გერბი ლომის გამო დაიწუნეს.
ინფორმაციისთვის, გერბის ფარი გადაკვეთილია სამ ნაწილად. ცენტრალური ზურმუხტის ველიფარის სიმაღლის ½-ის ტოლია. ზურმუხტის ველი, მის ზემოთ არსებულ ლაჟვარდის ველისგან გამოყოფილია ტალღისებურად. ლაჟვარდის ველი ფარის სიმაღლის ¼-ის ტოლია.
ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებზე, მოთავსებულია ოქროს ფიგურა: სვეტი, რომელიც ბოლოვდება ჯვრით და მწოლიარე ლომი, რომელსაც მარჯვენა თათით უპყრია მახვილი. ლაჟვარიდის ველის მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ვერცხლის ცხრაქიმიანი მნათობი. ქვედა სევადის ველი წარმოადგენს გერბის სიმაღლის ¼-ს და გადაკვეთილია სამი ვერცხლის ტალღისებური სარტყლით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი – "ოზურგეთი".