იტალიური მასმედიის მტკიცებით, ქალაქის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა, ვენეციის მერია რამდენიმე სასახლეს ყიდის.
ამ ქალაქის შემოსავლის მეოთხედი რიალტოს ცნობილი ხიდის მახლობლად მდებარე კაზინოდან შემოდის. ფინანსური კრიზისის გამო ამ ქალაქის სტუმრების რაოდენობამ იკლო და, აქედან გამომდინარე, მისი შემოსავალიც შემცირდა, რომელიც სათამაშო დაწესებულებებიდან შემოდიოდა.
ბიუჯეტში არსებული პრობლემების გამო შექმნეს სპეციალური ფონდი, რომელშიც ის შენობები შეიტანეს, რომელთა საერთო ღირებულებაც 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.
როგორც მოელიან, ისინი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში უნდა გაიყიდოს. არსებული მონაცემებით, სხვა ნაგებობებთან ერთად, ცნობილი სასახლეები – დიედო, გრადენიგო და სან-კაშანოც უნდა გაიყიდოს. გარდა ფინანსური კრიზისისა, ვენეცია პერიოდულად წყალდიდობებისგანაც ზარალდება.
ჯერ კიდევ 2007 წელს იუნესკომ ვენეცია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, რომელიც გლობალური დათბობოს გამო საფრთხის ქვეშ იმყოფება.
ქალაქის გადასარჩენად მისი ხელისუფლება თითოეული ნაგებობის საძირკველის, სულ მცირე, ერთი მეტრით ამაღლებაზე ფიქრობს. ზოგიერთი სპეციალისტი ვენეციაში წყლის დონის განუხრელი ამაღლების გამო გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს ქალაქი, შესაძლოა, ახალი ათასწლეულის ატლანტიდადაც იქცეს.