გამომცემლობა "სიესტას" Fecebook-ის გვერდზე, მსახიობ მერაბ ნინიძის გზავნილი გამოქვეყნდა, რომელიც გიორგი კეკელიძის "გურული დღიურებს" ეხება. "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მსახიობის წერილს:
"დღეს წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით, როგორც შეეფერება. მინდა პათოსის გარეშე და ლაკონურად დავწერო, მაგრამ თან არ ვიცი ჯერ როგორ ჩამოვაყალიბო, დღეს მე შენ გაგიცანი ასეთი შთაგონებული ფორმით და შენს სიტყვებს მივყვებოდი მდინარე რომ წაგიღებს ისე.
გულწრფელი სუფთა ცრემლით და ხმამაღალი სიცილით (უნისონში) გაჯერებულ მდინარეს… მეც ვირბინე ღელე ღელე და წვიმაში ქოლგით. ჩემი ბავშვობაც მანდვე გაცოცხლდა და ნატანები, შემოქმედი, ნაგომარი, სურები, მზიანი და ნასაკირალი… და ასე გაუთავებლად.
მე ერთი პერიოდი ბავშვობაში მინდოდა რომ მოხსენებული ვყოფილიყავი როგორც გურული მსახიობი და არა ქართველი მსახიობი და ამაზე ძალიან დამცინეს. სუფსა და ყურეფა ერთ დღეში რომ გადავცურე და აკეთში რომ ფეხით ჩევედი მაშინ მივხვდი რომ გურიისნაირად არც თბილისი მიყვარს და არც ბაკურიანი და არც ლონდონი.
ის სიმღერა რომ ახსენე ასე ხომ არ იწყებოდა შემევიდენ წითლები ატყდა დავიდარაბა რომელ პარტიას ეკუთვნი ეძგვერაძე ბარნაბა? გილოცავ გიორგი მთელი გულით და დიდი მადლობა ამ ყველაფრის გაზიარებისთვის. ჩემი გურიის მიმართ დამოკიდებულება რომ გამოვრიცხოთ და ეგ თემა გულგრილსაც რომ მტოვებდეს ამ ყველაფრის გარდა სერიოზული თანამედროვე მწერლის აღმოჩენაც მომიწია… ძალიან მიხარია და მიხარია რომ გაგიცანი და კიდევ არა ერთხელ წავიკითხავ ამ მართლა ჯადოსნურ წიგნს. ჰუმანიზმი მოყვასის სიყვარული და ყოველდღიურობის მისტიკა მარკესი და ზოგადსაკაცობრიო სევდა ეს სიტყვები ამოვყარე მაგრამ ბოლოს წაშლა დამენანა და აქვე დავტოვე. ძალიან კინემატოგრაფიული ნაწარმოებია იმიტომ რომ ყველაფერს მიყვები და თხრობა ძალიან სათავგადასავლოა და ნიუანსები ძალიან ზუსტად მორტყმული დღევანდელი შენ და მაშინდელი შენ და ეს გადაძახილები ძალიან მაგარია. დიდი მოკითხვით და პატივისცემით მერაბი."