9 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესის სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, ნათია წკეპლაძის კანდიდატურა შესთავაზა.
"ქალბატონი ნათია წკეპლაძე 1999-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 2004 წლამდე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე. 2005 წლიდან ქალბატონი ნათია წკეპლაძე არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი. მას მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ეწევა საგანმანამთლებლო და აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტი ადმინისტრაციული სამართლის დარგში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი და თანაავტორი.
ქალბატონი ნათია წკეპლაძე არის უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი და მოსამართლე, ის ყოველთვის გამოირჩევა მიუკერძოებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით თავის საქმიანობაში, რის გამოც სარგებლობს დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით მოსამართლეთა კორპუსში, აკადემიურ წრეებში, სამოქალაქო საზოგადოებაში. მისი სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში გამხდარა მნიშვნელოვანი პრეცედენტის შემქმნელი სხვადასხვა პრობლემური სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას. ქალბატონი ნათია წკეპლაძის ხედვები საჯარო სამსახურში პროფესიული ეთიკის სტანდარტების შესახებ, ხშირად გამხდარა სამაგალითო საჯარო სექტორისთვის.
ქალბატონი ნათია წკეპლაძე არის სამართლის დარგში მაღალი დონის პროფესიონალი, პრინციპული ადამიანი და დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, მას აქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.
IDFI მიიჩნევს, რომ ქალბატონი ნათია წკეპლაძის კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, რეპუტაცია და პიროვნული თვისებები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს." _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.