"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის გამგეობის შესაბამისი სამსახურები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების აღრიცხვას აწარმოებენ, რომლებიც ამორტიზირებულია და სამომავლოდ აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ასეთი შენობები კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკმაოდ მრავლადაა და ისინი, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა. მათ ნუსხაშია ქალაქის ცენტრში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე კინოს ყოფილი შენობაც, რომელიც "ქართული კინოს" საკუთრებაა. რამდენიმე ათეული წელია ლანჩხუთში კინო აღარ ფუნქციონირებს და ახლა აქაურობა ნანგრევებისა და ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული.
"საშინელებაა, რაც აქ ხდება. მართალია ქუჩაში ბუნკერების დადგმამ მცირე შეღავათი მოგვცა. თუმცა, ყოვლად დაუშვებელია ასეთი შენობის არსებობა, მითუმეტეს ქალაქის ცენტრში. თუ აღდგენას არ ექვემდებარება, კეთილი ინებონ და დაანგრიონ, რა გახდა ასეთი უსაშველო. ადრე გვითხრეს, მუნიციპალიტეტი ვერაფერს გახდება, შენობა კინოსტუდიის კუთვნილებააო. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც უნდა იმას ეკუთვნოდეს, ოღონდ საქმეს მიხედონ, რამე მოუხერხონ აქაურობას, რა სარგებელია ასეთი ქონების ქონა. ახლა ზამთარია და კიდევ არაუშავს, ზაფხულში კი ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული აქაურობა," _ აცხადებენ ქუჩის მაცხოვრებლები.
უკმაყოფილებას გამოთქვამს ყოფილი ინტერნატის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობაც.
"საჭიროა, დროულად მოხდეს აქაურობის დემონტაჟი, სანამ რაიმე უბედურება არ მომხდარა. აქვე სკოლაა, მრავალსართულიანი ბინები, ბავშვები შედიან ამ ნანგრევებში. ზოგს, რომ დაჭირდება, აგური გააქვს აქედან. საშიშია, არ ჩამოენგრეს ვინმეს თავზე კედელი და ნანგრევებში არ მოყვეს," – ამბობენ ადგილობრივები.
"მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკმაოდაა მიტოვებული და მწყობრიდან გამოსული შენობები. სხვა თუ არაფერი, ხშირ შემთხვევაში მათი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს. ამიტომაც, თავიდან რომ ავიცილოთ შემდგომი საფრთხეები, გამგეობის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვას. მომზადდება საჭირო დოკუმენტაცია და მივაწვდით ზემდგომ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის. საქმე საკმაოდ შრომატევადია და დროს საჭიროებს. სწორედ ამის შემდეგ, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ამორტიზირებული შენობების დემონტაჟი," _ განუცხადა "გურია ნიუსს" ლანჩხუთის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ.
რაც შეეხება ქალაქის ცენტრში არსებულ კიდევ ერთ მიტოვებულ შენობას, სადაც წლების წინ რესტორანი ფუნქციონირებდა, ლევან ჩხაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისიც საფრთხის შემცველია და ფაქტობრივად, აღდგენას აღარ ექვემდებარება, ამ შენობასთან დაკავშირებით რაიმე სახის გადაწყვეტილების მარტივად მიღება შეუძლებელია, რადგან იგი რამდენიმე სუბიექტს შორის დავის საგანს წარმოადგენს.
ცნობისთვის, წლების წინ იყო აღნიშნული შენობის აუქციონის წესით გაყიდვა დაგეგმილი იყო და მაშინ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პირობითი აუქციონის სახით 60 ათას ლარად ითხოვდა შენობის გაყიდვას.
თუმცა, ეს წინადადება არ იქნა გათვალისწინებული. ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 200 ათას ლარად შეაფასა და ამ ფასად შენობის მყიდველი არავინ გამოჩნდა. შესაბამისად, აუქციონიც ჩაიშალა. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა გარკვეულ სუბიეტებს მასზე პრეტენზია და უკვე ერთი წელია, საქმეს სასამართლო იხილავს.