საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც დღეს სასამართლო ხელისუფლება დგას.
„მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ და საინტერესო პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში.
დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები; დემოკრატია არის ჩართულობა და საზოგადოების მონაწილეობა, როცა მოქალაქეები აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავიანთი აზრით და შეხედულებებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე, როცა თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც დავიწყეთ და რომლის მონაწილეებიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების ჩართულობის და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით.
მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო იმ აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც ფაქტიურად დგანან თქვენს უკან და თქვენს გვერდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ფენები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. თავისთავად ამან კიდევ უფრო მაღალი გახადა სტანდარტი ამ პროცესის და კიდევ უფრო გააღმავა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ფორმატი.
მადლობა მინდა გადავუხადო მედიასაც, რომელიც ამ კვირების განმავლობაში აქტიურად უთმობდა თავის ეთერს, გაძლევდათ შესაძლებლობას გამოგეთქვათ თქვენი აზრი, ჩამოგეყალიბებინათ თქვენი შეხედულებები და ფართო დისკუსია გაშალა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც, როგორც მე არაერთხელ მითქვამს, არის ლოდის საკიდური ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რადგან სასამართლო სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტია. პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე, ხშირად დამოკიდებული ვართ საზოგადოებრივ აზრზე, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მაგრამ ის, რაც ასტაბილურებს ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს, რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რეალურად არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
შესაბამისად საკითხი, რომელიც არაერთხელ დასმულა ჩვენს წინა შეხვედრებზე, რამდენად შეგვიძლია განვამტკიცოთ და გავაღრმავოთ ნდობა სასამართლოს მიმართ, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი სირთულე შეხვდა და პრობლემა გამოიარა, ჩემი აზრით ამაზე პასუხი სწორედ იმ გახსნილ დემოკრატიულ პროცესშია, რომლის თანამონაწილეებიც თქვენ ხართ და რომლის მონაწილეც იყო მთელი ქართული საზოგადოება.
მინდა გითხრათ, რომ თავიდანვე, როდესაც მოხდა თქვენი დასახელება, ჩვენ ყურადღებით ვსწავლობდით იმ შეხედულებებს, რომელსაც თქვენ აყალიბებდით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ის გამონათქვამები და შეხედულებები, რაც შეჯამდა, როგორც ჩვენი ერთობლივი ფიქრი და ზრუნვა სასამართლო ხელისუფლების გაუმჯობესებისა და დასტაბილურების საკითხთან დაკავშირებით.
მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რომელიც მცირე და პროდუქტიული დისკუსიის საკითხი იყო კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, როდესაც თითოეული თქვენთაგანი დარეგისტრირდა და ამ დარეგისტრირების წინაპირობა, ბუნებრივია, იყო ის ფორმალური კრიტერიუმები, რომლებიც ეხებოდა შესაბამის დოკუმენტალურად დასაბუთბულ განათლებას და კანონის მიერ არის გათვალისწინებული, ამ დარეგისტრირების მომენტიდან კრიტერიუმების თაობაზე კითხვა უნდა ყოფილიყო მოხსნილი და ჩემი აზრით, ის დღეს უკვე მოხსნილია.
დღეს ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის მონაწილენი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ჩემი აზრით, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან გვექნება დისკუსია, სადაც ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ ჩვენი ხედვები.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მობრძანებისთვის და მინდა გავხსნა დისკუსია თავისუფალ რეჟიმში და დავიწყო თქვენთან ერთად მსჯელობა იმ საკითხზე, რასაც ჰქვია საქართველოში სასამართლო სისტემის ნდობის, ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლება", – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა, პრეზიდენტმა დასახელებული კანდიდატების მოსაზრებები სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებასა და განვითარებასთან დაკავშირებით მოისმინა.
შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული 28 კანდიდატიდან 27 დაესწრო. დისკუსიაში მონაწილეობა ვერ მიიღო ანა დოლიძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.