ზამთრის ცივ დღეებში ღუმელი უფრო აქტიურად “მუშაობს”, ყოველდღიურად გროვდება ბევრი ნაცარი, რომელიც ძალზე სასარგებლოა ნაკვეთებისთვის. თავად განსაჯეთ: ნაცარი, აზოტის გარდა, შეიცავს ბაღისა და ბოსტნის მცენარეთა პრაქტიკულად ყველა მასაზრდოებელ ელემენტს. ღუმელის ნაცარი განსაკუთრებით მდიდარია კალიუმით, რომელიც გამძლეობას მატებს ნაყოფს.
ძველი ჭეშმარიტებაა: მჟავე ნიადაგს მოკირვა უნდა, მაგრამ ბაღში კირის ხელაღებით შეტანა აფუჭებს ნაკვეთს. რით ამცირებენ მჟავიანობას? ისევ ღუმელის ნაცრით!
ნაცარს აგროვებენ წვიმისა და თოვლისგან დაფარულ ადგილებში, რომ მან არ დაკარგოს სასარგებლო მიკროელემენტები. ნეშომპალა ან ნაკელშერეული ნაცარი კვალში შეაქვთ (100-200 გრამი კვადრატულ მეტრზე) გაზაფხულზე.
ნაცარი არამარტო კარგი სასუქია, არამედ მისი გამოყენება შეიძლება მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ხახვს ხშირად აზიანებს ე.წ ხახვის ბუზის მატლი, რომელიც მაის-ივნისში ჩნდება. მატლის საწინააღმდეგოდ იღებენ ნაცარს და უმატებენ იმავე რაოდენობის ნაფტალინს ან თამბაქოს მტვერს. ამ ნარევს მოაბნევენ რიგთაშორის და ბოლქვებს შორის.
ნაცრით ებრძვიან კომბოსტოს ბუზსაც _ იღებენ ერთ წილ ნაფტალინს და ხუთ წილ ნაცარს, რომელსაც მოაბნევენ კომბოსტოს ღეროს გარშემო.
ბუგრისაგან კომბოსტოს დაზიანებულ ადგილებს შეასხურებენ ნაცარტუტს. ნაცარტუტის მოსამზადებლად საჭიროა ორი ჩაის ჭიქა ნაცარი, 10 ლიტრი წყალი, რომელსაც უნდა დავუმატოთ 50 გრამი საპონი.
ხეხილზე ბუგრის საწინააღმდეგოდ იყენებენ ნაცრის ნაყენს _ 300 გრამ ნაცარს გაცრიან, დაასხამენ ნახევარ ვედროზე ცოტა მეტ მდუღარე წყალს, შედგამენ ცეცხლზე და ადუღებენ 20 წუთს. როცა ნაყენი შეგრილდება, მას გაწურავენ და დაუმატებენ წყალს იმდენს, რომ 10 ლიტრამდე შესრულდეს. ამ ნაყენს შეასხურებენ ხეხილს. ნაყენს თუ დაუმატებთ 30გრ. შარდოვანას, ეფექტი უკეთესი იქნება.
შესხურება უნდა მოხდეს საღამოობით, ნაყენი ახალი მომზადებული უნდა იყოს. ამ ნაყენის საშუალებით შეგიძლიათ ებრძოლოთ კოლორადოს ხოჭოსაც.