ორონა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას შემოჭრამდე, იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული, როგორც ზემო, ისე შუა გურიაში მაღლარების სახით. გადმოცემით, ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ამზადებდა საკმაოდ ხარისხოვან მუქ ვარდისფერ ღვინოებს.
ორონას მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია; მეტად მკვრივია; მარცვლები თითქმის შავი ფერისაა და საშუალო სიდიდის; იგი სქელკანიანი და ხრაშუნაა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი; მარცვლის კანი ცვილით უხვად არის დაფარული.
ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოდან და მასიურ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ორონა საკმაო გამძლეობას იჩენს. ჯიშს ყვავილცვენა არ ახასიათებს.
ორონა, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად მაღალ პროდუქციას იძლევა სამხრეთისაკენ მიმართულ არა მძიმე და კალციუმის კარბონატების შემცველ ნიადაგებზე.
ჭაჭაზე დადუღებული ორონას ღვინო მუქი მოვარდისფრო და ექსტრაქტულია, ამავე დროს საკმაოდ სხეულის მქონე და ხალისიანი სასმელია.
ორონა მიეკუთვნება საკმაოდ ხარისხოვან პროდუქციის მომცემ ღვინის ჯიშთა ჯგუფს.