ლანჩხუთის გაერთიანებული კულტურის ცენტრის მთავარმა რეჟისორმა, თაზო იმნაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.
ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის გია იმნაიშვილის თქმით, იმნაძემ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ 16 თებერვალს დაწერა, რადგან მიწვევები ჰქონდა ბორჯომისა და დედაქალაქის თეატრებიდან. აღნიშნული ინფორმაცია თავად თაზომაც დაგვიდასტურა სატელეფონო საუბრისას.
"ძალიან ბევრი შემოთავაზებები წამოვიდა სხვადასხვა თეატრებიდან და ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა ლანჩხუთი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე, როგორც რეჟისორმა კავშირი გავწყვიტე ლანჩხუთთან. მე პერიოდულად, როგორც კი საშუალება გამიჩნდება ჩამოვალ აქ, ძალიან ბევრი გეგმები მაქვს ლანჩხუთში განსახორციელებელი, გვინდა თოჯინების თეატრი შევქმნათ. წარმოშობით აქაური ვარ და შესაბამისად დიდი სითბო და სიყვარული მაკავშირებს აქაურობასთან. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ლანჩხუთის ხელმძღვანელობის მიმართ,"- განაცხადა იმნაძემ.
თუმცა, სანამ მთავარი რეჟისორი თანამდებობას დატოვებდა, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა კულტურის სფეროს დაფინანსების გამო.
მაშინ, ადგილობრივ მედიასაშუალებებში იმნაძე წერდა, რომ საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი კულტურის სფეროში, თუმცა ყველაფერი მხოლოდ გაბერილი შტატების დაფინანსებას ხმარდება და საქმის გასაკეთებლად თეთრიც აღარ რჩებოდა.