სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერისგან პირველი დავალება მიიღო. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიამ თემურ ბარკალაიას დაავალა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე ოპერატიულად მივიდნენ.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საჭიროა სისტემის შესწავლა და იმ მიზეზების დადგენა, რაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების გამოძახებაზე დაგვიანებას იწვევს. ერთ-ერთ ობიექტურ ხელისშემშლელ ფაქტორად დავით ნარმანია პიკის საათებში საცობებს ასახელებს. ამასთან, მისი თქმით, სხვა დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორებიც უნდა აღმოიფხვრას.
„სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, დაემატა ავტომობილები, პერსონალის მოტივაცია გავზარდეთ, გაიზარდა მათი ანაზღაურება. ახალ ხელმძღვანელს დავავალე, ყველაფერი გააკეთოს გამოძახების ოპერატიულობის გაზრდისთვის“, – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ესპანეთში ვიზიტისას იგი მადრიდის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, სადაც გამოძახების შესაშური ოპერატიულობაა.