ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, “თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, თემურ სალუქვაძე ორი დღის წინ ჩატარებულ საკრებულოს სხდომას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის საკითხი მნიშვნელოვანია თითოეული ქალაქელისათვის, პროცესის გამჭვირვალედ ჩატარების მოთხოვნით საკრებულომ უარი უთხრა მერს პირდაპირი წესით მიწის სარგებლობაში გადაცემის უფლებამოსილების მინიჭებაზე. მერის მიერ საკითხის ხელმეორედ შემოტანამ და უფლებამოსილების აღებამ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. საკრებულოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
გამართლდა ჩემი ვარაუდი. საკრებულოში მარგინალიზაციის პროცესი დაიწყო. საკითხის ხელმეორედ, დაჩქარებული წესით შემოტანა კონფროტაციულ ხასიათს ატარებდა, რაც ყველაზე არასასურველია. ხელისუფლების წახალისებითა თუ ზეწოლით საკრებულოში არაერთგვაროვან, უსაფუძვლო, მყიფე, ეგრეთწოდებულ უმრავლესობას ჩაეყარა საფუძველი. როგორ განვითარდება მოვლენები ძნელი სათქმელია, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, ხშირ შემთხვევაში პროცესი ინიციატორთა მარცხით სრულდება. ასეთ ვითარებაში კი, სხვა ტიპის საკითხები დგება დღის წესრიგში."