“საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით, ჩვენსა და პროკურატურას შორის შეთანხმება მიღწეულია, უბრალოდ, გარკვეული დრო ჭირდება ჩვენს მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად” _ ასეთი განცხადება გააკეთა დღეს საქალაქო სასამართლოში ოზურგეთის ყოფილი გამგებლის, გიორგი ტაკიძის ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ.
ეს განცხადება იმის მაუწყებელია, რომ ოზურგეთის ყოფილი გამგებელი, გიორგი ტაკიძე ბრალს ან ნაწილობრივ აღიარებს, ან სრულად და როგორც მინიმუმ, ბრალს დაეთანხმება. საპროცესო შეთანხმება სწორედ ამას გულისხმობს.
რაც შეეხება ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაზედაც მან გარკვეული დრო ითხოვა, იმ ფულად ჯარიმას უნდა გულისხმობდეს, რაც საპროცესო გარიგებებს მოჰყვება ხოლმე.
გიორგი ტაკიძის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაახლოებით ორი თვეა რაც გრძელდება. ამ მიზეზით პროცესი უკვე 5-ჯერ გადაიდო.
გუშინ, 10.00 საათზე დანიშნული პროცესი ნახევარი საათით გვიან დაიწყო, რის მიზეზიც ის გახლდათ, რომ პროკურატურასა და ადვოკატებს შორის თათბირი ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, მირდატ ქამადაძე რამდენჯერმე გამოვიდა დარბაზიდან ტაკიძის მეუღლესთან გარკვეული დეტალების შესათანხმებლად.
პროცესი დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და როგორც აღვნიშნეთ, ყოფილი გამგებლის ადვოკატმა დრო ითხოვა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. შემდეგი პროცესი, რომელზედაც სავარაუდოდ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს გიორგი ტაკიძის საქმე, 14 დეკემბერს ჩაინიშნა.
პროცესის დასრულების შემდეგ, “გურია ნიუსს” საშუალება მიეცა მირდატ ქამადაძესთან კომენტარი ჩაეწერა.
_ ბატონო მირდატ, თქვენ განაცხადეთ, რომ საპროცესო შეთანხმება უკვე მიღწეულია, რა პირობებზე დათანხმდით პროკურატურას?
_ ჯერჯერობით, ამ დეტალებზე საუბარი არ მსურს, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი დასრულებული არ არის და ტექნიკური მხარეებია მოსაგვარებელი
_ რას გულისხმობს თქვენი მხრიდან საპროცესო შეთანხმების მიღწევა, გიორგი ტაკიძე აღიარებს ბრალს?
_ საპროცესო შეთანხმების დეტალები პროკურატურასა და ადვოკატებს შორის იქნა განხილული მხოლოდ.
_ მაგრამ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობის გარეშე, შეუძლებელია რაიმე სახის დეტალზე შეთანხმება, ასე არ არის?
_ ეს საბოლოოდ, ალბათ 14 დეკემბერს გადაწყდება, მანამდე კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნებართვის გარეშე არ შემიძლია რაიმე სახის კომენტარის გაკეთება. შეიძლება, რამე შეიცვალოს.
_ რას გულისხმობთ რაიმეს შეცვლაში, შეიძლება საერთოდ უარი თქვათ საპროცესო გარიგებაზე?
_ არა, საპროცესო გარიგებაზე უარს არ ვიტყვით.
ერთი სიტყვით, რის დადგენაც ზუსტად შევძელით, ის გახლავთ, რომ გიორგი ტაკიძის მხარე საპროცესო გარიგებაზე უარის თქმას არ აპირებს. მსჯელობა მხოლოდ დეტალებსა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმდინარეობს.
გუშინდელი სასამართლო პროცესი, როგორც ყველა წინა, საკმაოდ ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა. ემოციები კულმინაციას მაშინ აღწევს, როდესაც გიორგი ტაკიძის ოჯახის წევრები და ნათესავები სასამართლო დარბაზისკენ მიმავალ მერაბ კურდღელაშვილს ხედავენ.
_ “მოვიდა ჩვენი “ამშენებელი”, როგორ უნდა გაიხაროს ამის შთამომავლობამ! მე პატიოსანი შვილი და კეთილი ადამიანი გავზარდე, ამის გამზრდელმა იკითხოს, თორემ!”, _ ამ შინაარსისაა გიორგი ტაკიძის დედის რეპლიკები, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენებზე.
ვერც კურდღელაშვილის მდგომარეობას დავარქმევთ სახარბიელოს. სასამართლო პროცესებზე სიარული მას საკმაოდ მძიმე მორალური სტრესის ქვეშ უხდება. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე ჩნდება და დარბაზსაც პირველი ტოვებს ადვოკატთან ერთად.
ამ ფასად დაუჯდა მას ის აღიარებითი ჩვენება, რის გამოც გიორგი ტაკიძეს ქრთამის აღებაში ედება ბრალი. მერაბ კურდღელაშვილი ბრალდების ერთადერთი მთავარი მოწმეა. ტაკიძის ადვოკატის განცხადებით, ერთადერთი მტკიცებულება, რაც საქმეში დევს, სწორედ კურდღელაშვილის აღიარებითი ჩვენებაა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში, 4 აგვისტოს, დილის საათებში აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ქრთამის მიღების სანაცვლო, როგორც ამას დასუფთავების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მერაბ კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, 1 100 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების ლობირება იყო.
შემდეგი პროცესი 14 დეკემბერსაა ჩანიშნული.