ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა, ეკონომიკურ კრიზისს ადგილი არ აქვს.
"პრობლემებია გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, რომ დროებითია", _ აღნიშნა ნოდარ ხადურმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მისივე თქმით, მომავალი კვირისთვის იმ ცვლილებების მონახაზი გახდება ცნობილი რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირების მიმართულებით იგეგმება.
"საგარეო ფაქტორებმა გაძლიერებულ დოლართან ერთად გამოიწვია გაცვლითი კურსის ცვალებადობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლარი გამყარდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან, რაც არ გვაძლევს ვალუტის გაუფასურების შედეგად ექსპორტის წახალისების ეფექტს. დოლართან ლარის გაუფასურების ფონზე, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლებია. ფასების საერთო დონე იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0,35 პროცენტით, ხოლო თებერვალში დაახლოებით 0,11 პროცენტით", _ განაცხადა ხადურმა.
საგარეო ვალთან მიმართებაში დევალვაციის გავლენაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კურსის ცვლილების გამო აღებული ვალი გაიზარდა.
"იმის გამო, რომ ვალის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გვაქვს კურსის ცვლილება იწვევს მის ზრდას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ამჟამად ლარში გაზრდილია ვალი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვალი შემცირებულია დოლარში, რადგან ვალის ნაწილი აღებული გვაქვს ევროში და სხვა ვალუტებში, რომელთა მიმართაც ლარის პოზიცია არ შეცვლილა, ხოლო დოლარი გამყარებულია.", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გათვალისწინებული იქნება.
"მთავრობის მხრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა დაევალათ არაუგვიანეს 16 მარტისა. ამასთან, მთავრობამ ანალოგიური შეზღუდვების დაწესების თხოვნით მიმართა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს და სასამართლო ხელისუფლებას. ანალოგიური პარამეტრები იქნება გამოყენებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას", _ განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით შესრულდა, საგადასახადო შემოსავლებმა 27 მილიონით გადააჭარბა, ასევე გადაჭარბებით შესრულდა სხვა შემოსავლები და გრანტები.