დღეს, ოზურგერთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა 11 საათზე დაიწყო. 18 საკითხიან დღის წესრიგს, ბიუროს წევრების გარდა, საზოგადოებრივი დარბაზის წევრებიც უსმენენ. თითოეული სამსახურის, ა(ა)იპ ორგანიზაციის და შ.პ.ს. ორგანიზაციების ანგარიშის მოსმენა საკმაოდ გახანგრძლივდა, რაზეც თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, ყრილობას რომ არ დავემსგავსოთ, საკითხების ირგვლივ კითხვები და დაინტერესება ჩანდესო.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“, საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დაინტერესება გამოიწვია დაბა ლაითურის ყბადაღებული ხიდის მშენებლობამ, თუ როდის ჩატარდება მომდევნო ტენდერი და რა ვადებში დასრულდება საბოლოოდ მისი მშენებლობა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბადრი გობრონიძემ დააკონკრეტა ლაითურის ხიდის მშენებლობის ირგვლივ გასატარებელი ღონისძიება:
"ლაითურის ხიდის მშენებლობა, მალე უნდა დასრულდეს, თუმცა ჯერ უნდა მოხდეს ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რადგან ფასები შეცვლილია. უნდა დადგინდეს, რა რაოდენობის თანხის დამატება იქნება საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს მთავრობა, ტენდერი ჩატარდეს თუ გამარტივებული წესით მოხდეს შესყიდვა", _ თქვა მან და დასაზუსტებლად განმარტა, რომ უახლოეს ერთ თვეში ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარდება და შემდეგ დაიწყება ხიდის მშენებლობა.
ბიუროს სხდომის მუშაობაში მონაწილეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მან ისაუბრა სოციალურად დაუცველთა და სტიქიით დაზარალებულთა მიმართ არაერთ დახმარებაზე, წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და თქვა, რომ უამრავი სამუსშოა წინ, მაგრამ გაკეთდა საკმაოდ ბევრი საქმე, რამდენიც მრავალი წლის მანძილზეც არ გაკეთებულა.
ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც ძირითადად ყველა სამსახურის ანგარიშს ისმენენ, ამ წუთებშიც გრძელდება.