საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამეგრელოში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებას ეხმაურება და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რადგან სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია.
სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან. შესაბამისად, როგორც მასწავლებელი, ასევე დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, სკოლის შინაგანაწესი და კანონი, რომლის დარღვევაც არავის ეპატიება.
სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე და თუ დადასტურდა, რომ ამ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უმოკლეს დროში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.