მსოფლიოს საუკეთესო უნივერიტეტების ოცეულში შემავალი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით დაინტერესდა.
უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან პროფესორები – ედვარდ სჩეინერმანი და ენდრიუ დუგლასი, თბილისში შეხვედრებს მართავს.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის დეტალებზე პროფესორებს დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ესაუბრა. თბილისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის თემაზე, შეხვედრები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან მაია ცქიტიშვილმა აშშ-ში ვიზიტისას გამართა.
"ბუნებრივია, ჩვენი დიდი სურვილია, ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყოს საქართველოში. ეს არის უკვე ჩვენი მესამე შეხვედრა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტექნიკური კოლეჯის დეკანებთან, რაც მათთან წარმატებული თანამშრომლობის იმედს გვაძლევს", – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პარალელურად, პარტნიორობის შესაძლებლობა განიხილება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა, რომელმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი 88 ახალგაზრდა უკვე დააფინანსა.