ფსიქიკური დაავადების მქონე პირთა მიმართ ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლასა და რეფორმირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილება 67 კანონში განხორციელდა, რომლის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება იმ პირთა ცნება, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, "ჭკუასუსტობის" და "სულიერი მოშლილობის" გამო ქმედუუნარო პირებად მიიჩნევიან.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული პაკეტით ე.წ. მხარდაჭერისა და გამონაკლის შემთხვევებში, ჩანაცვლების მექანიზმების შემოღება ხდება.
ცვლილებების თანახმად, "მხარდაჭერის მიმღები" პირი ქმედუნარიან პირად ითვლება, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, შეიძლება სასამართლოს მიერ დაენიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში დაეხმარება.
კანონპროექტში, განმარტებულია თუ რაში გამოიხატება მხარდაჭერა და რა ვალდებულებების აქვს მხარდამჭერ პირს. კერძოდ, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირის მხარდამჭერი მოვალეა თვალყური ადევნოს ასეთი პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, გამოიკვლიოს მისი სურვილები, არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერი ასევე ვალდებულია, სასამართლოს მიერ დადგენილი პერიოდულობით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტით შემოთავაზებულია "მხარდაჭერის მიმღები" პირის მიერ ქორწინების შემთხვევაში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, რომლის გაფორმების პროცესში სავალდებულოდ მონაწილეობენ მხარდამჭერი პირი (ანუ პირი, რომელიც სასამართლოს მიერ განისაზღვრა მხარდამჭერად) და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. აქვე, კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომ იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს ასეთი პირის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაშია განსაზღვრული.
კანონპროექტის თანახმად, მხარდამჭერს სასამართლო ნიშნავს, რომელიც ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხარდამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს. მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო განახორციელებს. აღნიშნული ორგანო ვალდებული იქნება ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაამოწმოს მხარდამჭერის საქმიანობა.
თავის მხრივ, მხარდამჭერი პირიც ამავე პერიოდულობით ვალდებული იქნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაწოდოს ანგარიში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში საქმიანობის შესახებ.
ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უდევს საფუძველად. კერძოდ, 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო.
ამავე თემაზე:
ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა