ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 მილიონ 692 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხიდან, როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტად კულტურის სფერო განსაზღვრა. პროექტის მიხედვით, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებზე 2 193.8 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 22,63 % შეადგენს. შემდეგ მოდის ადმინისტრაციული ხარჯი _ ბიუჯეტის 16,64%, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულთა ხარჯი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 31 თანამშრომლის ხელფასზე 248.5 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს დაფინანსებაზე მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ბიუჯეტით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსება 3 791.3 ათას ლარს შეადგენდა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, დაფინანსება 737.7 ათასი ლარით იზრდება და 4 529.0 ათას ლარამდე ადის. ასე რომ, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე ირწმუნება, სოციალური დაცვა პრიორიტეტად არის მიჩნეულიო, ეს ასე ნამდვილად არ არის და ამის გასარკვევად მარტივი არითმეტიკის ცოდნაც საკმარისია _ ჩვენი გაანგარიშებით, სოციალურ სფეროზე ბიუჯეტის მხოლოდ 6,84% დაიხარჯება.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში ილია ვაშაყმაძე ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 692.4 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2011 წელთან შედარებით 1 836.5 ათასი ლარით არის გაზრდილი.
მისივე თქმით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით ტრანსფერი 7 312.4 ათასი ლარით არის განსაზღვრული. მათ შორის, გათანაბრებითი ტრანსფერი _ 7 110.4 ათასი ლარი, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერი 202.0 ათასი ლარია.
როგორც ვაშაყმაძე განმარტავს, პრიორიტეტების დოკუმენტი მოსახლეობასთან შეხვედრებისა და სამხარეო ადმინისტრაციასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შედგა: “2012 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია: მოსახლეობის სოციალური დაცვა ჴ 663.0 ათასი ლარი; განათლება (სკოლამდელი აღზრდა) _ 1 160.4 ათასი ლარი; კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა, სპორტი და ტურიზმი _ 2 193.8 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურების განვითარება _ 1 040.0 ათასი ლარი”, _ ამბობს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, იგეგმება თუ არა დასაქმების ხელშეწყობა და კონკრეტულად როგორ, ვაშაყმაძე ასე პასუხობს:
_ დასაქმების პრობლემა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რომლის დაძლევაც ქვეყნის მთავარ მიმართულებადაა მიჩნეული. ამას მოწმობს საქართველოს მასშტაბით გახორციელებული სხვადასხვა სახის აქტივობები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება რეგიონებშიც. ოზურგეთში, მხარის გუბერნატორის უშუალო მონაწილეობით, გარკვეული სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა _ გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ინვესტორთან, მიდის მოლაპარაკებები იმ მიმართულებით, რომ მომავალი წლისთვის დაიგეგმოს სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა. ამასთან, გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები სოფლის განვითარების კუთხით.
_ ბატონო ილია, რამდენი ლარია ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის, ხელფასები?
_ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით, წარმომადგენლობითი ორგანოს დაფინანსებაზე გამოყოფილია 506.2 ათასი ლარი; თანამშრომელთა ხელფასებზე (მომუშავეთა რიცხოვნობა 31) ჴ 248.5 ათასი ლარი; ხელშეკრულებით მომუშავეთა ხელფასებზე (რიცხოვნობა 7) _ 30.3 ათასი ლარი. აღმასრულებელი ორგანოს დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 106.7 ათასი ლარი; თანამშრომელთა ხელფასებზე (მომუშავეთა რიცხოვნობა 184) – 796 000 ლარი, ხელშეკრულებით მომუშავეთა ხელფასებზე (რიცხოვნობა 5) _ 25 000 ლარი.
_ რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებისთვის? იზრდება თუ მცირდება მათი დაფინანსება?
_ 2011 წლის ბიუჯეტით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსება შეადგენდა 3 791.3 ათას ლარს. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით ჴ 4 529.0 ათას ლარს. დაფინანსება გაზრდილია 737.7 ათასი ლარით.
_ მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც 2010-2013 წლებზეა გათვლილი, გურიის მხარისთვის განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტები: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, მუნიციპალიტეტების გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ სპეცტექნიკის შეძენა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. რამდენად შეესაბამება თქვენს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს? და აქვე რამდენი ლარია განსაზღვრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და რამდენი იყო ამ მიმართულებით გამოყოფილი 2011 წელს?
_ პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრების საფუძველზე. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტის პროექტი, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ჩვენ მიერ. აღვნიშნავ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში განსაზღვრული პრიორიტეტები შესაბამისობაშია მოსახლეობის მოთხოვნილებებთან და ზოგადად, საბიუჯეტო განხილვები ორმხრივი პროცესია, მასზე მუშაობა მიმდინარეობს ზემოდან ქვემოთ და პირიქით. მაგალითისთვის, შეხვედრების დროს, მოსახლეობის მხრიდან, აქცენტი კეთდებოდა შემდეგი მიმართულებით ჴ გზისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული კუთხით მუშაობა დღესაც გრძელდება _ 2010 წლის განმავლობაში ოზურგეთში, 12 ქუჩაზე გახორციელდა ასფალტირებული გზის სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთება, საერთო ფართობი ჴ 28 736კვმ; თვრამეტ ქუჩაზე შესრულდა ასფალტირებული გზების ორმული შეკეთების სამუშაოები, საერთო ფართობი ჴ 2700 კვმ; 22 ტერიტორიულ ერთეულში სარემონტო სამუშაო ჩაუტარდა 48კ მ საერთო სიგრძის ხრეშოვან გზას; 2011 წელს გაგრძელდა ასფალტირებული გზის სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთება, საერთო ფართობი 18994,4 კვმ; მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გაკეთდა 2-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი მაკვანეთი-გოგიეთის მიმართულებით და 4,5-კილომეტრიანი დვაბზუ-ბახვის გზა; სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, გზების რეაბილიტაციისთვის გამოიყო 272 819 ლარი; ქალაქსა და ტერიტორიულ ერთეულებში მოხდა 1050 კვმ გზის ორმული შეკეთება. რაც შეეხება წყალმომარაგების საკითხს, 2010 წლიდან, ტერიტორიულ ერთეულებში მოეწყო ერთი ჭაბურღილი, ერთი არტეზიული ჭა, დამონტაჟდა 40 კმ-მდე საერთო სიგრძის სხვადასხვა დიამეტრის პლასტმასის მილი, დამონტაჟდა 685 მ. ლითონის მილი, მოეწყო 8 წყალშემკრები ავზი და 6 წყალსაქაჩი ტუმბო. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოხდა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია. 2011 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტის მიხედვით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 244 860 ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის თანხების გამოყოფა ხდება საბიუჯეტო წლის დასაწყისში.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ, გასულ წელს, შეიმუშავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტი. ამ დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა, 2011-2014 წლებში, პრიორიტეტებად განსაზღვრა შემდეგი საქმიანობები: მუნიციპალიტეტის გზების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების გახორციელება, მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის განვითარება; სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა; სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა; სოციალური დაცვა. როგორ ფიქრობთ, ოზურგეთელებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები უფრო პრიორიტეტულია თუ, მაგალითად, დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება?
_ ვფიქრობ, რომ ის აქტივობები, რაც ზემოთ დაასახელეთ, სასიცოცხლოდ აუცილებელია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის. დასაქმების პრობლემა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რისი დაძლევაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ სამუშაოების გახორციელებასთან, რაც გაკეთდა, ვთქვათ, ინფრასტრუქტურის კუთხით. ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების არარსებობის შემთხვევაში, გარემო ვერ იქნება მიმზიდველი და საინტერესო ინვესტორთათვის _ არ ჩადებენ თანხას იქ, სადაც წყლის, გზის და სხვა პრობლემაა.
_ რამდენიმე წელია აქილევსის ქუსლად რჩება პოლიციის დაფინანსების საკითხი. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რამდენი ათასი ლარით დაფინანსდება მომავალ წელს სამართალდამცავი ორგანოები და როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა თანხა გამოიყოს ისეთი ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ მაღალი დაფინანსება აქვთ და რომ ეს თანხები, სხვა მიმართულებით უნდა გადანაწილდეს?
_ 2011 წლის ბიუჯეტით, სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსებაზე გამოყოფილი იყო 115.0 ათასი ლარი. ეს თანხა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით, შემცირებულია და შეადგენს 55.0 ათას ლარს. ზოგადად კი, პოლიციაზე დახარჯული თითოეული თეთრი ისევ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის, მისი უსაფრთხოებისა და დაცულობისკენ მიმართული ინვესტიციაა.
_ მიიღეთ თუ არა შენიშვნები საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით და თუ მიიღეთ, რა ხასიათის და აქედან რომელი გაითვალისწინეთ?
_ საკრებულო და გამგეობა ერთი ორგანიზმია, შესაბამისად, მუშა პროცესი უნდა ყოფილიყო. იყო კიდეც შენიშვნები და ეს სრულიად ჯანსაღი მიდგომაა. საკრებულოს მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი და მხარჯავი სუბიექტის მიმართ ფინანსური ხასიათის ყველა შენიშვნა გამგეობის მიერ იქნა გათვალისწინებული.