"ყოველგვარი ზღვარგადასული მეთოდებით მოქმედებს პროკურატურა. სამწუხაროდ, ის წარმოდგენს ინსტრუმენტს იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და მისი დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი.
ავთანდილ გუნთაიშვილზე განხორციელდა ზეწოლა იმ მიზნით, რომ დაცვას შეუსუსტდეს არგუმენტები პირველ აპრილს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის.
ჩვენ მივმართავთ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მის უმოქმედო ხელისუფლებას _ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანებზე წნეხის განხორციელება'' _ ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუმთაიშვილის გატაცებასა და ზეწოლაში დაადანაშაულა.
_ გუშინ, სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ პროკურატურამ შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუნთაიშვილი და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა მოვლენებს და, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მან გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ, – განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამ ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს:
_ უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა შუაღამით ექსპერტის გატაცება, მისი მიყვანა პროკურატურაში, რის შემდეგაც მან სასამართლოსთვის მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიცემაზე უარი თქვა. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ეს არის ძალადობა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა არაფერი იცვლება. ისევ პროკურატურა არის გამოყენებული ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად. ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, _ აღნიშნა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას თქმით ამასთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტშიც ჰქონდა საუბარი.