აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩმა ადელ ალ-ჯუბეირმა განაცხადა, რომ დაიწყო საომარი ოპერაციები იემენში აჯანყებული შიიტების წინააღმდეგ. სპარსეთის ყურის ხუთმა ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭირონ იემენის პრეზიდენტს.
ელჩის თქმით, მისი ქვეყნის სამხედრო მისია მდგომარეობს იმაში, რომ "მხარი დაუჭირონ იემენის ლეგიტიმურ ხელისუფლებას."
რამდენიმე დღით ადრე, საუდის არაბეთმა იემენის საზღვარზე ჰაერსაწინააღმდეგო ძალები და მძიმე არტილერია გადაისროლა. ალ-ჯუბეირის თქმით, ოპერაცია ითვალისწინებს ავიადარტყმებს იემენის ჩრდილოეთში, რომელსაც აკონტროლებენ აჯანყებულები, რომელთაც მხარს ირანი უჭერს. მათ ხელშია დედაქალაქი სანა, საიდანაც გაიქცა იემენის მოქმედი პრეზიდენტი აბდ რაბო მანსურ ჰადი. Dpa-ს ინფორმაციით, პრეზიდენტი გამაგრდა ქალაქ ადენში, მაგრამ მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა დაიკავეს ახლომდებარე სამხედრო ბაზა, მან ადენიც დატოვა.
იემენის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს საუდის არაბეთმა, ყატარმა, ქუვეითმა, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა. აშშ ამ კონფლიქტში მონაწილოებას არ იღებს, თუმცა, პრეზიდენტმა ობამამ თანხმობა განაცხადა, დაეხმაროს არაბულ კოალიციას ლოჯისტიკური და დაზვერვითი კუთხით.