რა სამართლებრივი შეფასება შეიძლება მიეცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მოსახლეობის უმიწოდ დატოვებას, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ სოფლის მოსახლეობის 15%-ზე მეტი ფაქტიურად უმიწოდ, ანუ საარსებო წყაროს გარეშე დარჩა, უშლიან თუ არა ხელს გამოხატვის თავისუფლებაში დაზარალებულ მოსახლეობას _ ამაზე "გურია ნიუსთან" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის", გურიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იურისტი კახა ჩავლეშვილი საუბრობს.
კახა ჩავლეშვილის განმარტებით, მოსახლეობის საწინააღმდეგოდ საწინააღმდეგოდ მუშაობს რამდენიმე გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მოსახლეობას გამოხატვის თავისუფლებაში.
საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში, დაბა ლაითურის მოსახლეობის მიერ კიდევ ერთი, საპროტესტო აქციის გამართვას.
ისინი წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაყიდული მიწების მათ საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.
"დაგვეხმარეთ, აქ ხალხი ისეა გამწარებული მიწის ამ დაუსრულებელი პრობლემის გამო, უსამართლობისგან თავმოძულებული, არ ვიცით როგორ დასრულდება ეს ამბავი ბოლოს", უცხოელმა ინვესტორმა ადგილობრივი მოხელეების და დაინტერესებული პირების ხელშეწყობით, უსამართლოდ იყიდა მიტაცებული მიწის 10 000 ჰექტარზე მეტი". – ამბობენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მცხოვრებლები.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვაწყვეთ აქცია მიწების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით, ვერც ერთი მთავრობისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
25 წელია ძარცვავენ ჩვენს სოფელს, არცერთი მთავრობა ჩვენთვის არ ყოფილა, არცერთ არჩევნებზე თავი არ შეგვირცხვენია არცერთი ხელისუფლების დროს, სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო და ამდენი წლის განმავლობაში გვერეკებოდნენ არჩევნებზე ხმების მისაცემად, სამაგიეროდ ჩვენთვის არც გზა ყოფილა და არც წყალი. არ გვაკმარეს ეს და ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი მიწებიც წაგვართვეს. გადახვეწილია მთელი ლაითური მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ, დიდი-პატარა ყველა იქაა"_ამბობენ ლაითურში.
_ბატონო კახა, რა სამართლებრივი შეფასება შეიძლება მიეცეს ლაითურის მოსახლეობის უმიწოდ დატოვებას?
მიწის რეფორმის პერიოდში ნასაკირალისა და ნარუჯის მოსახლეობა სხვა სოფლების მოსახლეობასთან შედარებით განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოექცნენ, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა აშკარა დისკრიმინაციას სახელმწიფოს მხრიდან და ეს ადამიანები შეიძლება ითქვას რეპრესიის მსხვერპლნი არიან, შესაბამისად თუ კი სამართლიანობაზეა საუბარი მათ მიმართ განხორციელებული ქმედება დღეს სახელმწიფოს მიერ შეფასებული უნდა იქნას, როგორც პოლიტიკურ ისე სამართლებრივი კუთხით. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ამ ხალხს მიწის გადაცემამდე ისევე უნდა მიეცეთ ფულადი კომპენსაცია, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლები ღებულობენ.
_ ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ჩვენი რაიონის სოფლის მოსახლეობის 15%-ზე მეტი ფაქტიურად უმიწოდ ანუ საარსებო წყაროს გარეშე დარჩა?
_ ასეთი უსამართლო დამოკიდებულების შედეგად ეკომიგრანტებით დასახლებულ დაბებში ფორმირება დაიწყო ფაქტიურად მოწყვლადი ჯგუფებით დასახლებულმა ანკლავებმა, რომელთა მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, პრობლემები და ინტერესები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დანარჩენი საზოგადოებისაგან, ეს ყველაფერი კი თავისთავად მნიშვნელოვნად აფერხებდა და აფერხებს ოზურგეთის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას.
_ ბატონო კახა, ლაითური არის დაბა, სადაც საბჭოთა მეურნეობა იყო და არა კოლმეურნეობა, შესაბამისად ისინი გათანაბრებულნი იყვნენ ქალაქის მოსახლეობასთან და მათზე მეტი მიწის გაცემა არ შეიძლებოდა…
_ არ არის ეს მოსაზრება სწორი, არაერთი საბჭოთა მეურნეობა და დაბა იყო სადაც მიწები ისე დარიგდა, როგორც სოფლად მაცხოვრებელ კომლებზე. ამის მაგალიათია თუნდაც დაბა ურეკის მაცხოვრებლებზე გაცემული მიწის რაოდენობა, იქ თითოეულ კომლს 1,25 ჰექტარი გადაეცათ საკუთრებაში. თანაც სათქმელია ისიც, რომ მიწის რეფორმა თითქმის შვიდი წელი მიმდინარეობდა და ამ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა საკმაოდ ბევრ დაშვებას გულისხმობდა, მაშინდელი ხელისუფლება ამ ხალხის პრობლემას კეთილსინდისიერად, რომ მიდგომოდა დღევანდელი სავალალო შედეგი არ გვექნებოდა. წლების განმავლობაში ამ პრობლემის გამოყენება ხდებოდა მათზე როგორც ამომრჩეველზე ზეწოლის ეფექტურ საშუალებად. მიწის გადაცემის დაპირებებით ჯერ მოქალაქეთა კავშირმა და შემდეგში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მნიშვნელოვნად იხეირა, რასაც იმედია, დღევანდელი ხელისუფლება არ გააკეთებს.
– რამდენადაც ცნობილია, ლაითურში თავისუფალი მიწის ნაკვეთები აღარ არსებობს და როგორ უნდა მოხდეს მათთვის მიწების გადაცემა…
_მიწა თითქმის მთლიანად გაყიდულია და რაც მთავარია, მიწა იყიდებოდა ამ ხალხის პროტესტის პარალელურ რეჟიმში. სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს და გადასცეს ამ ხალხს მიწები. თანაც აქვე დასადგენია მიწების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი, ანუ ის ნორმატიული აქტი, რომლითაც მიწის უსასყიდლოდ გადაცემა უნდა მოხდეს მოსახლეობისათვის. ახლა მთავარია რა პროცესები მიდის ადგილზე, ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ლაითურის მოსახლეობას, ასევე მოვაგროვეთ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იქ არსებულ სიტუაციაზე და მინდა გითხრათ, რომ იქ ახლა საკმაოდ სერიოზული საპროტესტო მუხტია, რის საწინააღმდეგოდაც, მუშაობს რამდენიმე გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ მოსახლეობას გამოხატვის თავისუფლებაში, რაც თავისთავად ასევე დიდი პრობლემაა.
– რას ნიშნავს ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებაში, არ ანებებენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს?
_ ხალხი ასე ამბობს, იმედია ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა და შემდეგში ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ.
– რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ხომ არ იქნებოდა უფრო კარგი საპროტესტო აქციების ნაცვლად სასამართლოსათვის მიემართა?
_ სახელმწიფომ ეს პრობლემა სასამართლოს გარეშე უნდა მოაგვაროს, ხელისუფლების ვალდებულება გახლავთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარება და არა მათთან პრობლემების გასაღრმავებელი დავების წარმოება სასამართლოში. ან როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ უნდა ედავოს ხალხი იმ ხელისუფლებას, რომელსაც ჯერ ხელისუფლება ანდო და მერე კიდევ ხელფასს უხდის. ხელისუფლებამ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოაგვაროს და ეს ადამიანები უნდა იხსნას იმ მონური შრომისაგან, რომელსაც ისინი ოჯახის გამოსაკვებად საზღვარგარეთ ეწევიან.