საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე მუშაობა დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მოხსენება შეეხება საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს თემებს.
როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე მთავრობის მიწვევა არის ტრადიცია, რომელიც ახალი კონსტიტუციური მოდელის პირობებშიც უნდა გაგრძელდეს.
"მივიჩნევთ, რომ პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად, იქნება ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისადმი.
იმისთვის, რომ ესა თუ ის ინსტიტუცია წარმოდგენილი იყოს ყოველწლიური მოხსენების განხილვის ფორმატში, ჯერ ისინი უნდა იყვნენ მოწვეულნი და ამის შემდგომ თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაესწრებიან თუ არ დაესწრებიან",-აღნიშნა საპარლამენტო მდივანმა.
პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს, 13:00 საათზე წარსდგება.