საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანამ მიზნად უნდა დაისახოს დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზთა აღმოფხვრა.
როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, პრობლემა ხომ არა მხოლოდ უშუალოდ ძალადობაა, არამედ აზროვნების ის ფორმა, რომლითაც ხდება ადამიანთა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებათა, სექსუალური ორიენტაციის, ავამდყოფობის, შეზღუდულ შესაძლებლობათა თუ ქრომოსომების რაოდენობის გამოც კი.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. უმცირესობის უფლებათა დაცვა თითოეული სახელმწიფო მოხელის პირდაპირი და უპირობო კონსიტუციური ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი საამაყო მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ტრადიციით არის გამყარებული
მსურს გავიხსენო ქალბატონ ნინო გოგუაძის სიტყვები მისი შთამბეჭდავი საპარლამენტო გამოსვლიდან: "ჩვენ, კანონმდებლებს, ყველა ფეხის ნაბიჯზეუნდა გვახსოვდეს, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში".
მაგრამ კანონმდებლები მარტონი არ არიან, ვისაც ეს პასუხისმგებლობა აკისრია. საჭიროა ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების სწორი, ეფექტური მოქმედება, რომელიც მკაფიოდ განაცხადებს: სახელმწიფო არ შეიწყნარებს უფლებათა ხელყოფის უმცირეს გამოვლინებასაც კი!
ამავე დროს, მიზნად უნდა დავისახოთ დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზთა აღმოფხვრა. პრობლემა ხომ არა მხოლოდ უშუალოდ ძალადობაა, არამედ აზროვნების ის ფორმა, რომლითაც ხდება ადამიანთა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებათა, სექსუალური ორიენტაციის, ავამდყოფობის, შეზღუდულ შესაძლებლობათა თუ ქრომოსომების რაოდენობის გამოც კი", _ აღნიშნა მარგველაშვილმა.