გუშინ, შებინდებისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ქვეითად მოსიარულე ზვიად ფუტკარაძეს "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც, როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს პარლამენტის დეპუტატი, უმრავლესობის წევრი და ლანჩხუთის მაჟორიტარი, თემურ ჩხაიძე მართავდა.
მათივე თქმით, დეპუტატი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თემურ ჩხაიძეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. მას ტელეფონი გამორთული აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ აკეთებენ განმარტებას იყო თუ არა ნასვამი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თემურ ჩხაიძე, როდესაც საკუთარი ავტომობილით ფეხით მოსიარულეს შეეჯახა:
_ მხოლოდ ის შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 276-ე მუხლით ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა), _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში, სადაც არ დაგვიკონრეტეს ჩაუტარდა თუ არა ალკოტესტი პარლამენტის დეპუტატს.
რაც შეეხება დაზარალებულს _ ზვიად ფუტკარაძე ამჟამად სახლში იმყოფება და როგორც გვითხრა თავს კარგად გრძნობს. "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ფუტკარაძე ამბობს, მისთვის უცნობია იმ პიროვნების ვინაობა, რომელიც დაეჯახა:
_ მე არაფერი დამინახავს. არც კი ვიცი ვინ მართავდა ავტომანქანას.
_ თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომანქანას თემურ ჩხაიძე მართავდა. თქვენ თუ ნახეთ დეპუტატი?
_ არა, მე პირადად არ მინახავს და არც დამკავშირებია, _ დაგვიკონკრეტა ფუტკარაძემ.