საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2015 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს გამოძიება ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).
გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ცალკეული ნოტარიუსების მხრიდან (ნ.გ., ლ.ბ.) ადგილი ჰქონდა სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ავტორიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული ნოტარიუსები (ნ.გ., ლ.ბ.) რეგისტრაციების დაჩქარებული წესით განხორციელების სანაცვლოდ, დაინტერესებული მოქალაქეებისგან მომსახურების გაწევისათვის იღებდნენ 200 ლარს, ოფიციალურად აფიქსირებდნენ 50 ლარს, ხოლო თანხებს შორის სხვაობას − 150 ლარს ითვისებდნენ.
გატარებული საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი ნოტარიუსი (ნ.გ. და ლ.ბ.).
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ჩადენილი იქნება მოქალაქის საზიანოდ სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ.