თბილისის ბევრ უბანში, მათ შორის, აეროპორტის დასახლებასა და ვარკეთილში, როგორც საავტომობილო გზებზე, ასევე საცხოვრებელ უბნებში, ჭებს თავსახურები არ აქვთ. რაც საფრთხეს ქმნის არამარტო ფეხით მოსიარულეებისთვის, არამედ, მანქანებისთვისაც. აეროპორტის დასახლებაში, ზედიზედ სამი თავმოხდილი ჭა სკვერის ტერიტორიაზეა, სადაც ბავშვები თამაშობენ. ამავე დასახლებაში, ზედ ავტობუსის გაჩერებასთან არ აქვს ჭას თავსახური.
"პატარა ბავშვები მყავს და ავტობუსით როდესაც მიწევს მგზავრობა, სულ შიშში ვარ, ჩვენს გაჩერებაზე უცებ არ გამექცნენ და შემთხვევით არ ჩაცვივდნენ ჭაში. კიდევ კარგი, ავტობუსი ცოტა ქვემოთ აჩერებს ხოლმე, თორემ მსხვერპლი მართლა მოჰყვებოდა. ძალიან განვიცდი ამ ამბავს. რამდენი ხანია, ასეა მიტოვებული და არავინ ხედავს", _ გვეუბნება აეროპორტის დასახლების მცხოვრები მილენა.
"საქართველოს ბანკის" თანამშრომელი მაკა ჯოხაძე ჭებთან დაკავშირებით კურიოზულ შემთხვევას იხსენებს:
"როდესაც ჩვენი ბანკის აღმაშენებლის ფილიალში ვმუშაობდი, ჩემს კოლეგას თავახდილ ჭაში ბეიჯი ჩაუვარდა. საიდანღაც მავთული მოძებნა და ძლივს ამოიღო. ბეიჯს რა უჭირს, მაგრამ ღამე ხომ შეიძლება ადამიანებმა ვერ დაინახონ და თავად აღმოჩნდნენ იმ ჭის ფსკერზე? ვინ აგებს მერე ამაზე პასუხს? რატომ არ ამოწმებს მერია მსგავს დაზიანებებს? მაგაში ვუხდით ფულს, რომ გამართული ინფრასტრუქტურა იყოს ქალაქში!", _ ამბობს მაკა ჯოხაძე.
თბილისში, დასახლებული უბნების გარდა თავახდილ ჭებს ვხვდებით საავტომობილო გზებზეც. მაგალითად, ვარკეთილში კახეთის გზადკეცილზე (ნაციონალური მოძრაობის ოფისის შემდეგ). თავახდილი ჭები სამანქანო გზებზე ორმაგ საფრთხეს შეიცავს. შესაძლოა, სერიოზულად დაზიანდეს ჭაში ჩავარდნილი მანქანა და ადამიანის მსხვერპლიც მოჰყვეს.
ჩვენი შემდეგი რესპონდენტი თავად კი გადაურჩა ე.წ. „მკვლელ“ ჭას, მაგრამ თავის ახალ მანქანას, რომელიც ამერიკიდან ახალი ჩამოყვანილი ჰყავდა, ჭაში ჩავარდნის შემდეგ ვერაფერი უშველა და ჯართში ჩააბარა.
"უცებ, ვერ დავინახე და წინა საბურავი ჩამივარდა ჭაში. ვერც მოვასწარი გააზრება, რა მოხდა. ისე დამიზიანდა მანქანა, არც გაკეთდა. რა მექნა, ავდექი და გავყიდე, აღებული ფულით ის კრედიტიც ვერ დავფარე სრულად, რაც მის ყიდვაში გადავიხადე. ვალები დამრჩა", _ გვითხრა ნიაზ მეგრელიშვილმა.
ატარებს, თუ არა მერიის კეთილმოწყობის სამსახური მსგავსი ადგილების მონიტორინგს და რას აკეთებს პრობლემის აღმოსაფხვრელად? ევალება, თუ არა მერიას მონიტორინგი გაუწიოს, სხვადასხვა კომპანიების კუთვნილ ჭებს ქალაქში და დარღვევის შემთხვევაში გასცემს თუ არა მათზე სანქციებს?
ჩვენ ამ შეკითხვებით თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს მივმართეთ. უწყებიდან ასეთი პასუხი მივიღეთ:
"მიუხედავად იმისა, რომ სკვერების კეთილმოწყობა, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას არ განეკუთვნება, საკომუნიკაციო ჭებზე და მათ მდგომარეობაზე მონიტორინგს ვახორციელებთ. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ვადგენთ მფლობელს , ვუკავშირდებით და ვაკონტროლებთ მათ შემდგომ მოქმედებას. მადლობას გიხდით მოწოდებული ინფორმაციისათვის და მონიტორინგის განხორციელებაში დახმარებისათვის", _განგვიცხადეს მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.