იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი განცხადებას აკეთებს, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა.
მისი თქმით, აღიარების სანაცვლოდ მსუბუქ სასჯელს და ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდებოდნენ.
სოსანაშვილის თქმით, მას აიძულებდნენ მკვლელობის შემკვეთად ირაკლი ფირცხალავა დაესახელებინა.
ბრალდებულის განმარტებით – 7 თებერვალს მთავარ პროკურატურაში მიყვანის დროს დაკავების მიზეზი მისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო. სოსანაშვილის განმარტებით, დეტალები მას დასაკითხ ოთახში შეყვანის შემდეგ უთხრეს, სადაც 13 საათი რკინის მაგიდაზე ხელბორკილებით ჰყავდათ მიბმული.
"შემოვიდა მამუკა ვასაძე და მითხრა, რომ იურა ვაზაგაშვილი არის შენი მოკლული და აღიარეო. მე ვუპასუხე, რომ ამ საქმესთან საერთოდ კავშირი არ მქონდა. მან კი მიპასუხა, რომ მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ხელყუმბარის სახელურზე შენი დეენემ-ი ამოვიდა და არც დაუმალავს თუ საიდან. გასულ ღამეს გენერალურში რომ მოგაშარდინეს და დეენემ-ი აგიღეს, როგორ ფიქრობ, არ ამოვიდოდაო? საინტერესოა, საიდან იცოდა მამუკა ვასაძემ ჩემი პროკურატურაში მიყვანისთანავე, დღის 3 საათზე, რომ ჩემი დეენემ-ი იყო ხელყუმბარის სახელურზე, მაშინ, როდესაც ნიმუშიც კი არ ჰქონდათ აღებული."
იგივე შეკითხვა სოსანაშვილის ადვოკატსაც აქვს. სოსო ჯოგლიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოფიციალურად გენეტიკური კვლევა დაკავებიდან 6–7 საათის შემდეგ ჩაუტარეს. ადვოკატის ცნობით, გარკვეული დრო სოსანაშვილისა და ასაფეთქებლის ფალიაზე ამოსული დეენემ–ების შედარებას დასჭირდებოდა.
სოსანაშვილი ზეწოლაში პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს მამუკა ვასაძეს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ის მისი მამხილებელი ფოტოებითაც ემუქრებოდა, რომელიც გამოძიებას ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან ჰქონდათ მიღებული.
აღსანიშნავია, რომ სოსანაშვილის ამ ბრალდებებს მთავარ პროკურატურაში უარყოფენ.
რაც შეეხება დეენემ-ს, საგამოძიებო უწყებაში დაადასტურეს რომ სოსანაშვილს გენეტიკური კვლევა დაკავების შემდეგ ჩაუტარეს. აღებული ნიმუში კი ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მის დაკავებამდე ერთი თვით ადრე ნაპოვნ დეენემ-ს შეადარეს.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.