ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე, ქალაქ ოზურგეთის მერს სოციალური ქსელის საშუალებით კიდევ ერთხელ მიმართავს და ინფორმაციებისა და 2015 წლის ბუიჯეტის ამსახველი დოკუმენტის გასაჯაროებას სთხოვს:
"ქალაქ ოზურგეთში სანთლით საძებნელი და მოსაპოვებელი გახდა არა მარტო ის ინფორმაცია, ვისზე გაიცა ერთჯერადი სოციალური დახმარებები, არამედ გაგიკვირდებათ და ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტიც.
ახალი წლის მეოთხე თვე იწურება და ქალაქის ხელისუფალმა ვერა და ვერ მოახერხა, რომ ეს დოკუმენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბიუჯეტი უბრალოდ განთავსებული არ არის, მაშინ, როცა ნებისმიერი მოქალაქისთვის ბიუჯეტი ხელმისაწვდომი და ღია უნდა იყოს, ის საგულდაგულოდ გადამალულია, აი ასე მუშაობს ამჟამინდელი ადგილობრივი ხელისუფლება, ეტყობა ესაა ოცნების მიერ არჩევნებამდე დაანონსებული "გამჭვირვალობა" და "დემოკრატია", რითიც ევროპა უნდა გავაოცოთ.
მივმართავ ქალაქის მერს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს! რატომ და რისთვის მალავთ ქალაქის ბიუჯეტს, ვის უმალავთ? სად უნდა ეძებოს და მოიპოვოს ის მოქალაქეებმა? თუ თქვენის გაგებით ბიუჯეტიც კონფიდენციალურია და გასაჯაროვება არ შეიძლება?“