დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
„დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის … დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.
დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია .
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.