ოზურგეთის სოფლების, ლიხაურისა და ჭანიეთის საზღვარზე ოთხ ჰექტარ ფართობზე, ოზურგეთის ა(ა)იპ ფერმერული განვითარების ცენტრის სანერგე მეურნეობა გაიხსნა, სადაც უკვე მოხდა ნიადაგის გაკულტურება _ დოლომიტის შეტანა, მოკირიანება და დღეისთვის აქტიურად ირგვება ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სხვადასხვა ჯიში.
_ აქ არის ვაზის საკოლექციო ნაკვეთი, სადაც დავიწყეთ გურიაში საუკუნეების წინ არსებული და მერე გადაშენებული ენდემური ჯიშების აღორძინება. ასეთი იყო 64 ჯიშის ვაზი, რომლის გადაშენების მიზეზი, 50 წლის წინ, ამერიკიდან შემოსული სოკოვანი დაავადებააა, რამაც ევროპის ქვეყნებსაც გადაუარა.
ამჯერად დავიწყეთ 16 სახეობის ჯიშის ვაზის დარგვა. ამ მხრივ, ეს გაზაფხული სანერგე მეურნეობის დაფუძნების და მოქმედებაში შესვლის ათვლის წერტილია, რაც ძალიან მიხარია. როგორც გითხარით, 64 ჯიში იყო დაკარგული. დღეისთვის 40 სახეობა უკვე მოკვლეულია და წლის ბოლომდე სანერგე მეურნეობა ამ ჯიშებით შეივსება. მოგეხსენებათ, ყველა უნიკალური ვერ იქნება, მაგრამ სამი-ოთხი ძვირფასი ჯიშიც საკმარისია, რომელიც მოსავლიანობით და ხარისხით საუკეთესო იქნება. მაგალითად, უკვე დავრგეთ: "გურიის საფერავი", "მტევანდიდი", "ჭუმუტა", "ორონა"… ეს საუკეთესო ჯიშებია. აგრეთვე აქ გათვალისწინებულია ცალკე საკოლექციო ნაკვეთი ერთი საღვინე თეთრყურძნიანი ჯიშისთვის, რომლითაც სტუმარს გავუმასპინძლდებით და ასე ვთქვათ, დეგუსტაციისთვის იქნება განკუთვნილი, _ გვეუბნება ფერმერული განვითარების ცენტრის სპეციალისტი, ასოციაცია "გურული ვაზის" თავმჯდომარე, ანდრო ვაშალომიძე.
აღნიშნულ ფართობზე ასევე დაირგო თესლოვანი და კურკოვანი კულტურები _ ვაშლი, მსხალი და ატამი.