საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, პარლამენტარი თინა ხიდაშელი წარადგინა.
"თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ქალბატონ თინათინ ხიდაშელს, რომელიც გახლავთ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დღეიდან კი ის ევროპის მასშტაბით, ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი,"–აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ექსპერტი გენდერის საკითხებში, თამარ ბაგრატია "გურია ნიუსთან" თავდაცვის მინისტრის პოსტზე ქალი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს:
"მივესალმები ქალის დანიშვნას თავდაცვის მინისტრის პოსტზე, არჩევის შემთხვევაში თინა ხიდაშელი იქნება უკვე მეოთხე ქალი მინისტრი მინისტრთა კაბინეტში, ევროპაში ქალი თავდაცვის მინისტრები ჰყავს შვედეთს, ნორვეგიას, გერმანიას, ჰოლანდიის, ალბანეთს, იტალიას და ბოსნია-ჰერცოგოვინას. შესაბამისად, თინა ხიდაშელი ვერანაირად ვერ იქნება მეხუთე ქალი თავდაცვის მინისტრი ევროპაში, როგორც ეს პრემიერმა აღნიშნა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქალის დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების, კერძოდ კი გაეროს უმნიშვნელოვანესი რეზოლუციის 1325-ის სრულფასოვან განხორციელებას, რომელიც ქალებს, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება." – თქვა თამარ ბაგრატიამ.