9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, რომელსაც ყოველ წელს, სამწუხაროდ, უფრო და უფრო ნაკლები ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებული ადამიანები ესწრებიან…
70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა…
ჩოხატაურიდან ასეულობით ჯარისკაცი წავიდა სამშობლოს დასაცავად, რომელთაგან უმრავლესობა იმსხვერპლა ომმა, იყო ოჯახები, საიდანაც 2 და 3 წევრი არ დაბრუნებულა სახლში.
დღეს ჩოხატაურს სამამულო ომის 14 ვეტერანი ჰყავს: გალაქტიონ ჩხიკვაძე, მიშა კეკელიძე (ფარცხმიდან), თეიმურაზ თავაძე, ნოე გაბუნია (ვან-ზომლეთიდან), აკაკი სიხარულიძე გოგოლესუბნიდან, ჭიჭიკო კვაჭანტირაძე, გივი მამალაძე (ხევიდან), ტარიელ ჩხიკვაძე (ჯვარცხმიდან), ლუბა სიხარულიძე (შუა ამაღლებიდან), ნიკოლოზ ცინცაძე (ბუკისციხიდან), ვალერიან ლომთათიძე (ქვენობნიდან), ნინა ძნელაძე (კოხნარიდან), აკაკი ქორიძე, ასინეთ ზარბაზოია (საჭამიასერიდან).
ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ გამარჯვების დღეს გვახსენდება.
გასულ წელს რაიონულ ბიბლიოთეკაში ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. ისინი საოცარი მღელვარებით ჰყვებოდნენ ომში გატარებული წლების შესახებ, გვაჩვენებდნენ წიგნებს, სადაც მათი გმირობის ამბავი არის მოთხრობილი… და როცა ოთახში უბერებელი "დენ პაბედი" გაისმა, ფეხზე წამოდგნენ და ცრემლმორეული თვალებით, გულისყურით უსმენდნენ სიმღერას.
დასასრულ, დავით შარაშიძემ სუფრასთან მიიწვია ომგადახდილი ადამიანები, რომელთა საპატივცემულოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლ "მანდილმა" მრავალი ლამაზი სიმღერა შეასრულა.
წელს როგორც მოსაწვევში ვკითხულობთ, 9 მაისის სახელობის პარკში შეიკრიბებიან, დიდების მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, ღონისძიება გაიმართება ნიკო ბერძენიშვილი სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ხელისუფლება თითოეულ ვეტერანს 1 000 ლარს გადასცემს, ხოლო ომში დაღუპულთა ქვრივებს _ 500 ლარს.