2009 წლის 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას და შსს-ში აღლუმის ჩატარებას მაშინდელი საპროტესტო აქციით გამოეხმაურა.
იმ დროს, როცა შსს-ს სიახლოვეს პოლიციის აღლუმი იმართებოდა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, ე. წ. უცნობმა, "ეროვნული საბჭოსა“ და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საინფორმაციო მიტინგზე "ფიცი დადო“, რომ 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება პოლიციის დღე.
"ვდებ ფიცს, რომ ეს დღე არასოდეს იქნება პოლიციის დღე. დღეს არის გიორგობა და გილოცავთ ამ დღეს სულით და გულით“, _ მიმართა „უცნობმა“ პოლიციის ქვედანაყოფებსა და სპეცრაზმს, რომლებიც მოშორებით იდგნენ. მან, ასევე, განაცხადა, რომ აღმოაჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისასვლელი პატარა გზა და მოუწოდა მხარდამჭერებს, ამ გზით მისულიყვნენ შენობასთან, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნიკა ავალიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, პოლიციამ საპროტესტო მოძრაობის სამი აქტივისტი დააპატიმრა _ მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები დაკავებულებს ფიზიკურად და მორალურად შეურაცხყოფდნენ. მომიტინგეები გია გაჩეჩილაძესთან ერთად დაკავებულების დასაცავად დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან წავიდნენ. გაჩეჩილაძემ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვა. შემდეგ იგი ეზოს ღობეზე გადავიდა და პოლიციის შენობაში წერილობითი მიმართვის შეტანა სცადა. ამან დიდი არეულობა გამოიწვია. შეკრებილი ადამიანების ერთი ნაწილი გისოსებს მიაწვა, ზოგმა გადაძრომაც დააპირა.
დაპირისპირების დროს, რომელიც ყველაზე სერიოზულ ხასიათს ატარებდა 9 აპრილის აქციების დაწყების შემდეგ ათობით ადამიანი დაშავდა.
6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავების მიერ უკანონო იარაღის გამოყენებაზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც. კერძოდ, მიტინგის დარბევისას გამოყენებული იყო რეზინის და პლასტმასის ტყვიები, რის შედეგადაც მომიტინგეებმა ძლიერი დაზიანებები მიიღეს. ერთ-ერთმა მათგანმა თვალიც კი დაკარგა.
სახალხო დამცველის გიორგი ტუღუში თქმით, ამ ტყვიების გამოყენება მაშინ კანონსაწინააღმდეგო იყო. არალეტალური იარაღის – რეზინისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენება მხოლოდ 17 ივლისს "პოლიციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით დაკანონდა.
ეს ანგარიში მაშინდელ პარლამენტს არ განუხილავს და არც ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარა. ამ საქმის დეტალები დღემდე გამოუძიებელია და დამნაშავეებიც დაუსჯელები არიან.