კარს მომდგარ ახალ წელს, გურულად კალანდას, საგანგებო სამზადისი ტრადიციულად სდევს, რაც უშუალო კავშირშია სხვადასხვა პროდუქტის ფასთან. ამჯერად, ოზურგეთის ძველ და ახალ ბაზრებში თუ ცალკეულ დახლებზე, ხილის, ხორცის თუ დასაკლავ-დაუკლავის სიმრავლეა და ფასების სიჭრელით არ გამოირჩევა _ ყველაფრის ფასი მაღალია: 1 კილოგრამი ყველი 8,50 ლარი ღირს, 1 კგ ხორცი – 12-14 ლარი, თევზის სიმრავლე საკმაოდ თვალში საცემია, თუმცა, “ხამსაც” რომ ერთი კილოგრამი 2,50-3 ლარი გახდა, ამაზე კი აიფოფრნენ გურულები. რაც მთავარია, წინა საახალწლო კვირაში ბაზრებში გოჭის გამყიდველი არ გამოჩენილა და ყიდვის მსურველიც ბევრი არავინ იყო, თუმცა, ზოგიერთი მაინც იძახდა: რაც უნდა ღირდეს, ვიყიდი, ბედობას არიან ჩემი ტყუპები დაბადებული და ერთი წელი ვაგროვებდი გოჭის საყიდელ ფულს. ასე გაწყდა ღორის სინსილა, რომ წელს გადაშენდა საბოლოოდო?
პარასკევს, 30 დეკემბერს ოზურგეთის ახალ ბაზარში, როგორც იქნა გოჭმა იჭყივლა _ ამ დღეს აქ მხოლოდ სამი გოჭი მოიყვანეს გასაყიდად და 1 კილოგრამი ცოცხალი წონა 10 ლარი ღირდა. ინდაურის ღირებულებამაც გადააჭარბა მოლოდინს _ როგორც გამყიდველები ამბობდნენ, “ძველი ინდაურის” საწყისი ფასი 80 ლარი იყო, ქათმისა კი საშუალოდ _ 13-14 ლარი.
1 კილოგრამი სიმინდის ფქვილი _ 1 ლარი, ზოგან კი მეტიც ღირდა. რაც შეეხება მწვანილეულს, წიწმატის ფასი მართლაც ძალიან გაწიწმატებული იყო – 1 კონას 2 ლარს აფასებდნენ.
შედარებით იაფი შაქარი იყო, რომლის ფასი (1 კგ) 1 ლარი და 80 თეთრი ბევრ მაღაზიაში დაფიქსირდა.
იმის გასაგებად, თუ რამდენი ლარია საჭირო იმისთვის, რომ ოჯახმა რიგიანი საახალწლო სუფრა გაშალოს, “გურია ნიუსმა” არა ერთი მოქალაქე გამოკითხა. უმრავლესობამ საკმარის თანხად, მინიმუმ, 100 ლარი დაასახელა. კიდევ ერთ კითხვაზე, რამდენ ადამიანს ჰქონდა ამ რაოდენობის თანხა გადანახული სადღესასწაულოდ, 23 გამოკითხულიდან 16 მოქალაქემ გვიპასუხა, რომ შინიდან სხვადასხვა ხილი თუ პროდუქტი (მანდარინი, ფქვილი, ყველი, კვერცხი) გაყიდა და ასე მოახერხა საჭირო ფულის შეგროვება. არა ერთმა პენსიონერმა სამადლობელი პრეზიდენტის მისამართითაც თქვა, სააკაშვილის წყალობით აღებული პენსიით გევითენებ ახალ წელსო.