ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ახდენდნენ ჯართის მიღებას და რეალიზაციას, გადასახადებსაგან თავის არიდების მიზნით კი აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდნენ სპეციალურად, სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე შექმნილი საწარმოების სახელით, რა დროსაც არ ახდენდნენ გადასახადების გადახდას. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ბიუჯეტს მიადგა 1 200 000 ლარის ზიანი. გარდა ამისა, ბრალდებულების მიმართ გამოკვეთილია 1 210 907 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 193-ე მუხლით, რაც 2-დან 4 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.