საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიის მიღების უფლებას ზღუდავს.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, მას ჯერ არ აქვს იმ კონკრეტული თანამდებობის პირების ჩამონათვალი, ვისაც, შესაძლოა, ეს რეგულაცია შეეხოს.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონს მიხედვით ხდება თანამდებობის პირების რანჟირება. ესენი არიან: სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო თანამდებობის პირები და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები. მე მინდა რომ კანონმდებლობა გავავრცელო მაღალი, სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობის პირებზე. მათ შორის, იქნებიან მინისტრებიც. ერთადერთი, რაშიც ჩამოყალიბებული ვარ, ეს შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს რიგით სპეციალისტებზე და საშუალო თანამდებობის პირებზე. მათ ისედაც არ აქვთ მაღალი ანაზღაურება." _ განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტულ ჩამონათვალს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება შეზღუდვის ვადებს, ქუცნაშვილის თქმით, ქამრების შემოჭერის პოლიტიკიდან და ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, ეს შეზღუდვა მინიმუმ არსებული საბიუჯეტო წლის დასრულებამდე უნდა გაგრძელდეს.