აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის იონა წითელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრმა, დღეს, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
_ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დავაზე ბ.ნ.ქ ყოფილი დირექტორის ლევან ჯინჭარაძესა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის სამინისტროს დაევალა ბათილად ცნოს ჯინჭარაძის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების სამოტივაციო ნაწილი, რადგან მას არ დაუდასტურდა არც ერთი წარდგენილი ბრალდება, უფრო მეტიც, დადგენილად იქნა მიჩნეული ის, რომ ლევან ჯინჭარაძის მიერ საზოგადოების მართვისას იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რასაც შედეგად მოჰყვა ქარხნის ფინანსური გაძლიერება.
რაც შეეხება თანამდებობაზე მის აღდგენას, სასამართლომ, მიუხედავად აღნიშნულისა, ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოსაზრებით, რომ საზოგადოების 100%-იანი წილის დამფუძნებელია სახელმწიფო და რომ რისკებზე პასუხისმგებლობა მოდის დამფუძნებელზე.
იმ ვითარებაში, როცა ლევან ჯინჭარაძეს დაუდასტურდა საზოგადოების კეთილსინდისიერად მართვა, საზოგადოების ინტერესებისათვის ზრუნვა და თითქმის გაკოტრების რეჟიმიდან ქარხნის ფინანსურ მოგებაზე გაყვანა, ცალსახად და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ლევან ჯინჭარაძის მიმართ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის და სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის თამაზ ხაბაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის დევნას, რადგან ამ მაღალი თანამდებობის პირებს ლევან ჯინჭარაძე ხელს უშლიდა ქარხანაში კორუფციული სქემების დანერგვაში და რეალიზაციაში, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება.
აღნიშნულის დასტურად ვასაჯაროებ კიდევ ერთ ფაქტს _ 2013 წელს, ჩემი დაჟინებული თხოვნით, რომ შემოწმებულიყო ბ.ნ.ქ. ოფიციალური წერილით მივმართე აჭარის სახ. აუდიტს. იმავე წელს ჩატარდა შემოწმება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა ის დანაშაული, რომლებზედაც გვქონდა ვარაუდი და რაზედაც ქარხანას ბუღალტრულ ოპერაციებზე აუდიტისათვის ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული, აუდიტის დასკვნაში არ აისახა, ანუ დაიმალა. სანაცვლოდ ორთვენახევარში რიგითი აუდიტორი იონა წითელაძე დაწინაურებული იქნა ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ.
მოვუწოდებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ იონა წითელაძის თანამდებობიდან გადაყენებისაკენ. აქვე მოვუწოდებ აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო გუნდს ამ საკითხის მიმართ მაინც პრინციპული პოზიციის დაჭერისაკენ, _ განაცხადა ვასაძემ საგანგებო ბრიფინგზე.