ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში მანდატურები პირველი იანვრიდან დაინიშნენ. “გურია ნიუსი” ამ საკითხით დაინტერესდა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ირინა ინარიძეს დაუკავშირდა. მან გვთხოვა, რომ კითხვები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიგვეწოდებინა. ასეც მოვიქეცით და რესურსცენტრის ხელმძღვანელს, 4 იანვარს, კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნეთ. თუმცა, როგორც ინარიძემ, 6 იანვარს სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცილდება(?!): _ ძალიან გთხოვთ, მიმართეთ სამინისტროს, რადგან ეს კითხვები ჩემს კომპეტენციაში არ შედის, _ გვითხრა მან.
“გურია ნიუსი” უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს უცვლელად გთავაზობთ.
_ როდის გადაწყდა სკოლებში მანდატურების შემოყვანა და რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რამაც მანდატურების სკოლებში ჩანერგვის აუცილებლობა განსაზღვრა?
_ რა არის მანდატურთა საქმიანობის თეორიული საფუძველი (დებულება, წესდება თუ უბრალოდ, დირექტორის ბრძანება დანიშვნის თაობაზე)?
_ რა ფორმით ერთვება სკოლაში მანდატური და რა როლი უჭირავს მას სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში?
_ ვინ განსაზღვრავს მანდატურის საქმიანობას, როგორ ხდება მისი ანგარიშგება და ვისთან?
_ თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში სკოლის ხელმძღვანელობას უნარი შესწევდა, დაემყარებინა დისციპლინა, რატომ ვერ ახერხებს დღევანდელი რეფორმირებული საჯარო სკოლა, მოაგვაროს სწავლა-აღზრდის პროცესი?
_ რა ურთიერთობა ყალიბდება მანდატურსა და მშობელს შორის, როგორც სწავლის პერიოდში სკოლაში, ასევე გაკვეთილების დამთავრების შემდეგ?
_ არიან თუ არა დღეს სკოლაში ე.წ. ძნელად აღსაზრდელი ბავშვები და რა საშუალებით ახორციელებს სკოლა ასეთი მოსწავლეების სასკოლო პროცესებში ჩართვას? ჩაერთვებიან თუ არა მათ ურთიერთობაში მანდატურები?
_ მანდატური, ანუ პირი, რომელიც ფლობს გარკვეულ უფლებებსა და უფლებამოსილებას, რამდენად არის ანგარიშვალდებული იმ სტრუქტურების წინაშე, რომლებიც დღეს სკოლაში ფუნქციონირებენ და რამდენად ხელეწიფებათ მათ, მოაგვარონ ძნელად აღსაზრდელთა პრობლემები?
_ პირველ ეტაპზე, რომელ სკოლებშია გათვალისწინებული მანდატურების შემოსვლა და შემდგომში მოხდება თუ არა მათი შესვლა სოფლების საჯარო სკოლებში?
_ როგორ მოხდა მანდატურთა დანიშვნა და რამდენად უზრუნველყოფს სკოლა მათ სოციალურ საყოფაცხოვრებო პირობებს?