ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თავისი პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა, მაგრამ ბრძანებაში არაა მითითებული გათავისუფლების მოტივი. კერძოდ, წერია, რომ საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა.გ." ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდეს თანამდებობიდან გამგებლის პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი 2015 წლის 21 მაისიდან.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ზემოაღნიშნულ მუხლებში აღნიშნულია:
მუხლი 54. გამგებლის/მერის უფლებამოსილება
1. გამგებელი/მერი:
ა. გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს;
მუხლი 57. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
-
გამგებელს/მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.
მუხლი 61. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები
3. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) გამგებლის/მერის ბრძანება;
ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ჩამოთვლილ მუხლებში მხოლოდ გამგებლის უფლება-მოვალეობებზეა საუბარი და არა გათავისუფლების მოტივზე.
ზაზა ურუშაძის ბრძანების საფუძვლიანობის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ლევან ხინთიბიძეს, რომლის თქმითაც, ბრძანებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გათავისუფლების საფუძველი:
"თუ ბრძანებაში მითითებული არ არის, რა უდევს საფუძვლად პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მაშინ აღნიშნულ პიროვნებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მას პროცესის მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს," _ გვითხრა ლევან ხინთიბიძემ.
იგივეს ამბობს იურისტი ირაკლი პაპავაც: "ბრძანებაში, რომელიც ზენაიშვილს ჩაბარდა, მხოლოდ გამგებლის უფლებებზეა საუბარი და მასში არ ჩანს გათავისუფლების მოტივი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ბრძანების ლეგიტიმურობას".