რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტის პლენარულმა სესიამ მუშაობა დაასრულა.
სესიაზე, რომელშიც ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს.
"სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული.
ისინი ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას, როდესაც ყველა მოთხოვნილი რეფორმის პუნქტები შესრულდება.
ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს ყველაფერი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს, აგრეთვე, სურვილს – დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე“, – აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გაკეთდება პროგრესის შესახებ დასკვნა, რის შემდეგაც ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შესთავაზებს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლებას.
"2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობის გახსენებით, სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მცდელობების მიმართ, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანა თავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრული განხორციელების შედეგად“, – აღნიშნულია დეკლარაციის საბოლოო ტექსტში.
დეკლარაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე სამიტის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა.
რიგაში საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა პრეზიდენტის რანგში სამიტზე პარლამენტის წევრი, ვიქტორ დოლიძე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, „ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და წლის ბოლომდე დასრულებას, მხოლოდ ამას სჭირდება შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და სერიოზული სამუშაოების ჩატარება ქვეყნის შიგნით.
სამწუხაროა, რომ რიგაში ვერ იქნა მიღებული უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს უახლოესი მომავალია და სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე არიან.
დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე