თბილისში, მოსკოვის გამზირზე, თითქმის ორი წელია, სამხედრო კარვებში იმ ადამიანებს აქვთ თავი შეფარებული, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ამ კარვების გარდა ღამის გასათევი არსად აქვთ.
21 კარავში 180-მდე ადამიანი ცხოვრობს და ეს ერთი შეხედვით არც ისე დიდი ტერიტორია ძალიან ბევრ ადამიანურ ისტორიას იტევს. მე თქვენ რამდენიმე მათგანს მოგიყვებით, ყველას ხომ ასე ძალიან გვიყვარს სხვისი ისტორიების მოსმენა.
თავშესაფარში შესვლისთანავე ლურჯ, ყვავილებიან კაბაში გამოწყობილ ქალბატონს ვხედავ და მისკენ მივემართები. გვერდით საქსოვის ძაფებით სავსე კალათა უდევს, ხელში კი, საქსოვი ჩხირები უჭირავს. მას მაყვალა ჰქვია და საუბარზე უარს არ მეუბნება:
"წინდებს ვქსოვ აქაურებისთვის. ხომ ხედავ, როგორი ხალხია, საჩუქარი არავის აწყენს. გაყიდვითაც შეიძლება გავყიდო ხოლმე – თითო წყვილი წინდა 5 ლარად. 4 თვეა, რაც აქ ვარ. სახლ-კარი არ მაქვს. ბინა მქონდა ბანკში ჩადებული და წამართვეს. აქამდე ვაჭრობით ვირჩენდი თავს. ახლა მაგის საშუალებაც არ მაქვს და ზამთარში, ქუჩაში ძილს ნამდვილად სჯობს აქ ყოფნა. საჭმელიც არის, დასაძინებელი ადგილიც და ბანაობაც შეგიძლია ადამიანს".
ლურჯკაბიანი ქალბატონის გვერდით ასევე ლურჯმაისურიანი, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელიც საქსოვი ძაფის გორგლებს ინტერესით დაჰყურებს, შემდეგ ერთ-ერთ მათგანს იღებს და ბავშვურად იცინის. ქალბატონი ჩემკენ იხრება და ჩუმად მეუბნება: "ძალიან კარგი ბიჭია, უკვე 2 კვირაა რაც აქ არის. დიდია, როგორც ხედავ, მაგრამ ჰგონია რომ მალე 3 წლის გახდება. ისე, ბავშვივით ალალი და უბოროტო კია".
ლურჯ სამოსში გამოწყობილი წყვილთან ძალიან ახლოს, გვერდით კარავში, ერთი რუსი ეროვნების მამაკაცია. იგორს ცისფერი თვალები, ჭაღარა გაბურძგნული თმა და წყვილი ყავარჯენი აქვს. ლოგინზე ნაწილებად დაშლილი რადიო უდევს და დიდი ინტერესით დასცქერის. დაშლილი რადიოს გვერდით წიგნი დევს, საწოლის თავზე კი უამრავი ნივთი აქვს ჩამოკიდებული: ბოქლომები, ბრელოკები, ნაძვის ხის სათამაშოები. იგორი უკვე 20 წელია, საქართველოში ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ ვერც პენსიას იღებს და ვერც ვერანაირ დახმარებას. კითხვაზე, თუ რატომ მოხვდა თავშესაფარში, არაფერს მპასუხობს, უბრალოდ ყავარჯნებს დაჰყურებს, შემდეგ თავისი უმოწყალოდ ცისფერი თვალებით მიყურებს და მეუბნება: "ამდენი ხანია, საქართველოში ვარ, ქართულს ვერ ვსწავლობ, რადგან ყველა რუსულად მელაპარაკება. არადა, როგორ მინდა ქართულის სწავლა, ადამიანს ხომ ყველაფრის შესახებ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ცოტ-ცოტა მაინც".
საწოლის თავთან ის პიჯაკი უკიდია, რომლითაც თავშესაფარში მოვიდა. იხსენებს, რომ როდესაც კოსტუმში გამოწყობილი დაინახეს, აქაურებმა ცირკის მასხარას შეადარეს. ცალყბად იღიმის და ამბობს: "ადამიანი, თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდშიც კი კარგად უნდა გამოიყურებოდეს, განა ასე არ არის?"
იგორი მშენებელია, უნდა ქართული ისწავლოს და გეგმავს, რომ თავშესაფრიდან წასვლის დროსაც იმ პიჯაკს ჩაიცვას, რომლის გამოც მასხარას შეადარეს.
იგორის მსგავსად სამომვალო გეგმები აქვს 67 წლის ემილსაც. იგორის კარვიდან გამოსულს, ემილი მიახლოვდება, ჩემს ფოტოაპარატს ათვალიერებს და ფოტოაპარატის დასვრილი ლინზის გასაწმენდ მეთოდს მასწავლის.
"პროფესიით მშენებელი ვარ, მაგრამ ფოტოების გადაღება მიყვარს, ოღონდ ფირის აპარატით. ფერები მიყვარს და მგონია, რომ ფირზე უფრო კარგად ფიქსირდება ფერთა გამა. ადრე სახლში მქონდა ლაბორატორია და იქ ვმუშაობდი. შემდეგ გერმანიაში წავედი. 4 წელი ვცხოვრობდი იქ და დაშლილ მოტოციკლებს ვაწყობდი. მამაჩემის და ბიძაჩემის ბინაზე ჩემსა და ჩემს ბიძაშვილს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში ხან ვისთან ვცხოვრობდი, ხან ვისთან. ბოლოს ვისთანაც ვცხოვრობდი, ჩემი სოციალურად დაუცველის დახმარება მის სახელზე იყო გაფორმებული. ეს პიროვნება თურქეთში წავიდა და დახმარებაც შემიწყვიტეს".
ემილი სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდება, რომ სახლში ისევ გააკეთოს ფოტოლაბორატორია და ფერადი ფოტოების გამჟღავნება შეძლოს.
დღის ბოლოს, თავშესაფრის გასასვლელთან მდგარ მანქანაში ის ლურჯმაისურიანი ბიჭი ჯდებოდა, საქსოვ ძაფებს რომ ეთამაშებოდა. ახლობლებმა იპოვეს და სახლში მიჰყავდათ. ისევ ისეთი ღიმილიანი სახე ჰქონდა.
ამბობენ, სახლი იქ არის, სადაც თავს კარგად გრძნობო. მე და ლურჯმაისურიანი ბიჭი სახლში ვბრუნდებით. ემილი, მაყვალა ბებო, იგორი და კიდევ 180 ადამიანი კი, ამ ღამესაც სამხედრო კარვებში გაათენებენ.