საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში განიხილეს, საჯარო სკოლები 2020- 2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ვალდებული იქნებიან გაიარონ ავტორიზაცია, რათა დაადასტურონ ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობა, მოიპოვონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და შეძლონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
სახელმწიფოს მხრიდან, საჯარო სკოლების ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და მისი გაუმჯობესების ხელშესაწყობად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. კანონპროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საჯარო სკოლებს მიეცემა საკმარისი ვადა იმისთვის, რომ ხარისხის გასაუმჯობესებლად და ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საჭირო ქმედებები განახორციელონ.
მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება ენიჭება, განსაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების სფეროში გაწეული მომსახურების საფასური.
კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ახლებურ რეგულაციას 2014 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებული ან რეორგანიზებული საჯარო სკოლების მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებად 2020-2021 სასწავლო წლამდე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლა, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტს, უპირობოდ დაკარგავს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებას, ხოლო ამ დროისთვის ბევრ მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლას ალტერნატივა არ გააჩნია და, ავტორიზაციის დაკარგვის შემთხვევაში, ადგილობრივ მოსწავლეებს შეეზღუდებათ განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება.
„განსახორციელებელი სისტემური რეფორმის პირობებში, 2020-2021 წლებში სასკოლო განათლება ეტაპობრივად გადავა განვითარების ახალ ეტაპზე, რაც დაკავშირებულია როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან, ასევე სკოლაში მომზადების ახალი დონის მასწავლებლის შესვლასთან“, – განაცხადა ნატრიაშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საჯარო სკოლები დარჩნენ ხარისხის განვითარების სისტემის შემადგენელ ნაწილად.