მთავრობა ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
შენობის ფუნქციასთან დაკავშირებით გუნდმა მას შემდეგ იმსჯელა, რაც ათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.
„მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ფინანსები და ბიუჯეტი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ვიფიქროთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე და დავიწყოთ მკვეთრი მოქმედება, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯს, რაც არავის ინტერესებში შედის. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა.
თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, საკუთარი რეზიდენციისთვის გამოეყენებინა შენობა, რომელიც მთავრობამ პრეზიდენტისთვის ააშენა და 26 მილიონი დახარჯა, ჩემთვის და ყველასთვის მისასალმებელი იქნებოდა. თუმცა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მთავრობა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით რაიმე მკვეთრ მოძრაობას ვერ გააკეთებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის სხვა ფუნქციით დატვირთვა წარმოუდგენელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის, რადგან საოფისე ფართები შენობის მხოლოდ 29%-ს შეადგენს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, ასეთი ფეშენებელური და ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მაგრამ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზდენციის გაყიდვა ან სხვაგვარად განკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
პრემიერი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხედველობაში მისაღებია ის პრობლემებიც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს აქვთ შენობებთან დაკავშირებით.
ავარიულ მდგომარეობაშია საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, პრობლემებია ხელოვნებისა და თბილისის მუზეუმებთან, ხელნაწერთა ცენტრსა და სამუზეუმო-საექსპოზიციო სივრცეებთან დაკავშირებით.