2015 წლის 28 მაისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "ფოტოზე აღბეჭდილი იძულებითი გადაადგილების ისტორია" (A Story of Internal Displacement Captured on Camera), რომლის ორგანიზატორიცაა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ნამუშევრები გაეროს საგამოფენო სივრცეში 26 მაისს გამოიფინა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით 28 მაისს გაიმართა მიღება, რომლის დროსაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნიუ-იორკში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა დავით დონდუამ და გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა კახა იმნაძემ. მიღებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში მცხოვრები მხატვარი ხატია ესართია, რომელმა ისაუბრა მისი და მისი ოჯახის მიერ ომის დროს გაგრის იძულებით დატოვების შესახებ.
გამოფენა ეხება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას – იძულებითი გადაადგილების პრობლემას. საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოდგენილი ფოტო-კოლექცია მოგვითხრობს ადრეული 1990-იანი წლებიდან დღემდე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებითი გადაადგილების რამდენიმე ტალღის ისტორიას; ფოტოები ასახავს საქართველოს დევნილთა და ლტოლვილთა საკუთარი სახლებიდან გამოდევნის დრამატულ დინამიკას და მათ ამჟამინდელ ყოფას.





























































